კულტურა
ქუთაისში მსახიობებმა პროექტ "ტელესპექტაკლების" შეწყვეტა გააპროტესტეს
FaceBook
დასავლეთ საქართველოს თეატრალური სპექტრის წარმომადგენლები ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეიკრიბნენ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ "ტელესპექტაკლების" შეწყვეტა გააპროტესტეს. 

ტელესპექტაკლები აჭარის ტელევიზიაში სამი წლის განმავლობაში გადიოდა. მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ კოტე აბაშიძის თქმით, ეს იყო ქართული თეატრისა და აჭარის ტელევიზიის ერთობლივი პროექტი და მისი არსებობა რეგიონების თეატრების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიავნელოვანია. 

"თელავიდან მოყოლებული ხულოს თეატრით დამთავრებული ყოველ შაბათს აჭარის ტელევიზიით მაყურებელს შეეძლო ეხილა შვიდიდან ცხრა საათამდე რომელიმე სპექტაკლი. ეს იყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელი პროექტი. 53 სპექტაკლია გადაღებული ამ სამი წლის განმავლოაბაში და შვიდი დამოუკიდებელი ტელესპექტაკლია შექმნილი ", - ამბობს კოტე აბაშიძე. 

მისივე თქმით, პროექტი პირველ რიგში შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე იყო გათვლილი, რომლებსაც უყვართ თეატრი, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა სახლიდან გავიდნენ. 

ამ ტელესპექტაკლების მნიშვნელოაბზე ისაუბრა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასილ ჩიგოგიძემ.

"გაოცებას ვერ ვმალავ. გულწრფელად მჯერა, რომ ბორდი იტყვის, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა და პროექტი კვლავ გაგრძელდება", - ამბობს ვასილ ჩიგოგიძე. 

საპროტესტო აქციას ესწრებოდნენ მსახიობები და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა თეატრიდან. მათი დღეს სამ საათზე აჭარის ტელევიზიის ბორდთან აქვთ შეხვედრა, სადაც საკითხის განმარტებასა და პროექტის გაგრძელებას მოითხოვენ.
Print