კულტურა
სოციუმი მხატვრობაში - ქუთაისელი მოსწავლეების დებიუტი გალერეა "ვარლაში"
FaceBook
საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" ქუთაისელი თვითნასწავლი მხატვრების, ანი შაშუაშვილისა და მარიამ ქემერტელიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
თითოეულმა გამოფენაზე ორი წლის განმავლობაში შექმნილი 16 გრაფიკული ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც ძირითადად, სოციალურ საკითხებზეა შესრულებული.

"თემა სოციალური ურთიერთობებია. ეს არის ჩვენი პირველი მასშტაბური შეხება საზოგადოებასთან. გვინდა, რომ დაინახონ ის პრობლემები, რაზეც ვმუშაობთ და გაითვალისწინონ ცხოვრებაში," - ამბობს მარიამ ქემერტელიძე.

ახალბედა მხატვრები ქუთაისის სხვადასხვა საჯარო სკოლებში სწავლობენ. მათი თქმით, ერთმანეთი ხელოვნებამ დააახლოვა.

"ხედვა საერთო გვაქვს. ზუსტად ამიტომ დავუახლოვდით ერთმანეთს. იმედი გვაქვს, რომ ეს პირველი გამოფენა წარმატებას მოგვიტანს და არაერთი გამოფენა მოჰყვება მომავალში," - ამბობს ანი შაშუაშვილი.

მხატვარი გოგონების შემოქმედება დამთვალიერებელმა შეაფასა. მხატვარი და ფოტოგრაფი გელა ღაჭავა ამბობს, რომ მათ ნახატებს აზროვნება სჭირდება.

"ისეთ თემაზე მუშაობენ, გინდა თუ არა აზროვნება სჭირდება და ეს მათ გონებას უფრო გაავარჯიშებს, რაც დროთა განმავლობაში გოგონების ხელოვნების პროდუქტს გაზრდის. ეს პოტენციალი იგრძნობა. მთავარია, მუშაობა გააგრძელონ," - აღნიშნავს გელა ღაჭავა.





Print