ახალი ამბები
არასწორი დიეტა ბევრი დაავადების რისკ-ფაქტორია (ვიდეო)
FaceBook
დიეტაზე ფიქრი აქტუალური გაზაფხულზე ხდება.

გოგონები, სხეულის სასურველი პარამეტრების გამო ხშირად მკაცრ დიეტას მიმართავენ, რაც ზოგჯერ სავალალო შედეგის მომტანია.

ასე აღმოჩნდა ქუთაისში მცხოვრები 23 წლის ნათია შონიასთვის. მან დიეტაზე ფიქრი 16 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი თქმით, გახდომა იმისთვის უნდა, რომ ფორმაში იყოს.

"არის რაღაც პერიოდი, როცა ვფიქრობ, რამდენიმე კილო მოვიმატე, რაც არ მიხდება და უნდა დავიკლო, ამიტომ სწრაფად ვიწყებ საჭმლის შეზღუდვას, ვჭამ ცოტას. ხშირად კი ისეთ საკვებსაც, რომელიც არ მიყვარს", -  ამბობს ნათია შონია.

ერთ დღეს კი შეამჩნია, რომ მიღწეული სიგამხდრე აწუხებდა და ვერც წონაში იმატებდა, რაც უკვე მისთვის დისკომფორტული გახდა.

"არასწორი დიეტები ჩემთვის ზედმეტად ზიანის მომტანი გახდა. ერთი პერიოდი არც ჭამა მინდოდა და უკვე მაწუხებდა სიგამხდრე, ვერც ვიმატებდი. ეს იმიტომ მოხდა, ჩემი აზრით, რომ ძალიან დავაზიანე საჭმლის მომნელებელი სისტემა. ჩემს ნორმალური წონაზე 5 კილოთი ნაკლები ვიყავი. ყველა აღნიშნავდა, რომ ძალიან შემაშფოთებლად გამოვიყურებოდი. ორ უკიდურესობაში აღმოვჩნდი. ვერ იკლებ, მერე გინდა მოიმატო  და ვერ იმატებ. საბოლოოდ, გადასხმების დახმარებით მაინც შევძელი მეშველა საკუთარი თავისთვის", - გვიყვება ნათია.

ბიჭები აღნიშნავენ, რომ დიეტას იშვიათად იცავენ. თუმცა მათი ნაწილი ამბობს, რომ საჭმლის შემცირებას შედეგი არ მოაქვს და მათი უმეტესობა დიეტას ვარჯიშით იცავს.

ქუთაისიპოსტის მიერ გამოკითხული 10 ადამიანიდან 6 ამბობს, რომ სასურველი წონის მისაღწევად მკაცრ დიეტებს იცავენ. დანარჩენები კი ამბობენ, რომ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და მკაცრი დიეტის დაცვა არ სჭირდებათ.

რამდენად იცავენ ქუთაისში ახალგაზრდები დიეტას? ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:



წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის ენდოკრინოლოგის, პეტრე ლომინაძის თქმით, სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხშირი რეციდივებით გამოირჩევა (ავადმყოფობის შებრუნება) და მკურნალობა-დაკვირვებას მთელი სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს. მისი განვითარება და პროგრესირება კი გადაჭარბებული კვებით, ნაკლები ფიზიკური დატვირთვების ფონზე ხდება. 

"სიმსუქნე შესაძლოა იყოს როგორც დამოუკიდებელი დაავადება, ასევე სინდრომი სხვადასხვა დაავადებების დროს. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში საჭიროა ძირითადი დაავადების კომპენსაცია", - ამბობს ენდოკრინოლოგი პეტრე ლომინაძე.

ის ასევე გვირჩევს, რომ დასუსტებისათვის საჭიროა ნაკლები საკვების მიღება, თუმცა, არა მკაცრი დიეტა.

"ერთი მხრივ, ეს ხომ ისედაც გასაგებია, მაგრამ უმრავლესობა ამ პრობლემას ასახავს სხვაგვარად: რა საკვები მივიღოთ რომ წონაში დავიკლოთ? უნდა ითქვას, რომ სპეციფიკური პროდუქტები გახდომისთვის არ არსებობს. დღევანდელ დღეს მედიკამენტოზური პრეპარატები, რომლებსაც თავისით, დიეტის გარეშე, შეეძლოს წონის კორექცია, არ არსებობს.

ერთადერთი მართებული, სანდო გზა არის ფიზიკური დატვირთვის მომატება გააზრებულად, ადექვატური , ბალანსირებული დიეტოთერაპიის ფონზე. შედეგად ვითარდება ენერგიის დეფიციტი, რის გამოც რეზერვები 'შენახული" ცხიმოვან ქსოვილში, აუცილებლად დაიხარჯება", - განმარტავს პეტრე ლომინაძე.

ექიმი აგრეთვე გვაფრთხილებს, რომ სიმსუქნე მრავალი დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორია.

მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ჰორმონების დისბალანსის უმნიშვნელოვანესი როლი სიმსუქნის განვითარებაში. მაგალითად, ბოლო წლების კვლევებით გამოვლინდა, რომ ტესტოსტერონის ასაკობრივი შემცირება წინ უსწრებს და ხელს უწყობს ვისცერული სიმსუქნის განვითარებას როგორც მამაკაცებში, აგრეთვე ქალებშიც. ის ვარჯიშისა და კვების  ურთიერთკავშირი აუცილებლობაზე საუბრობს, რათა მოხდეს შესაბამისი ჰორმონების ბალანსის შენარჩუნება.

Print