ჯანდაცვა
აქტიური ცხოვრების წესი სქოლიოზის მთავარი პრევენციაა
FaceBook
"აუცილებელია ბავშვმა  იმოძრაოს მეტი, იაროს ფეხშიშველი სილაზე,  ქვიშაზე , მიწაზე"

ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებული კვლებების შედეგად მოსწავლეთა 70%-ში გამოვლენილ სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის პათოლოგიებს სპეციალისტები კონკრეტული მიზეზებით ხსნიან.
ქუთაისის 38 საჯარო და 8 კერძო სკოლაში დაწყებით კალსებში გამოკვლეული 8843 მოსწავლიდან 3300 მოსწავლის პროფილაქტიკური კვლევები ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ჩატარდა. აღნიშნული ცენტრის ორთოპედი, მარიამ მიქიაშვილი ამბობს, რომ ხერხემლის გამრუდება შეიძლება იყო თანდაყოლილი, ასევე, შეძენილი პათოლოგია.
"ხერხემლის დეფორმაცია არ ჩნდება, ის ვითარდება და 90%-ში 5 წლის ასაკიდან უკვე იწყებს ჩამოყალიბებას. სქოლიზი ეს ხერხემლის სვეტის, ზურგის კუნთების ასიმეტრიაა. თუ ორგანიზმი დისპლაზიურია, ქსოვილის ან ორგანოს განვითარება დარღვეულია, აუცილებლად ვითარდება ხერხემლის დეფორმაცია. 5 წლის ასაკიდან იმატებს ბავშვის აქტიურობა, ვითარდება ჯდომის და წოლის ჩვევები, რაც იწვევს კუნთების ჯგუფის არათანაბარ დატვირთვას. ამ ყველაფერს ემატება სკოლაში ცუდი ჯდომის მანერა, მძიმე ნივთების ტარება, რაც შემდგომში ამ პათოლოგიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს," - ამბობს ორთოპედი მარიამ მიქიაშვილი.
ქუთაისის მერიის დაფინანსებით საჯარო და კერძო სკოლებში სქოლიოზის, ბრტყელტერფიანობის, კრიპტორხიზის, თიაქრის და რეფრაქციის გამოსავლენად ჩატარებულ ჩატარებულ კვლევებში სქოლიოზის პათოლოოგის საკმაოდ მაღალი მაჩვებელი გამოვლინდა. ორთოპედი მარიამ მიქიაშვილი მშობლებს ურჩევს შვილები კომპიუტერული თამაშებიდან ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადაიყვანონ.
"აუცილებელია ბავშვმა იმოძრაოს მეტი, იაროს ფეხშიშველი სილაზე, ქვიშაზე , მიწაზე. სქოლიოზის პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი საშუალებაა ცურვა, რაც ქუთაიში საკმაოდ ძვირია. ამიტომ, აუცილებელია საცურაო აუზების წარმომადგენლებმა განსაზღვრონ შესაბამისი ფასები ბავშვებისთვის" -ამბობს მარიამ მიქიაშვილი.
ორთოპედის თქმით ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებული პროექტი აუცლებლად უნდა გაგრძელდეს და მასში მონაწილეობა ყველა მოსწავლემ უნდა მიიღოს. "ხერხემლის გამრუდება ითვლება მწვავე პათოლოგიად და მასზე არ ვრცელდება სადაზღვევო კომპანიების მომსახურება. ის არაა ერთჯერადად შეძენილი პრობლემა, ის მიმდინარეობს ზრდის შესაბამისად. ასეთი პროექტებით კი დროულად მოხდება პათოლოგიის გამოვლენა," - ამბობს მარიამ მიქიაშვილი.
ქუთაისის მერიის მიერ განორციელებული პროექტის შედეგების შესახებ მშობლები ინფორმაციას სასწავლო წლის ბოლომდე მიიღებენ, მათ ასევე მიეცემათ რეკომენდაციები შემდგომი საპროფილაქტიკო და სამკურნალო ღონისძიებების შესახებ.
პროფილაქტიკური კვლევები ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რისთვისაც 20 000 ლარი დაიხარჯა.

ბაია მიქაბერიძე

Print