ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ახალ პროექტს იწყებს
FaceBook
დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო ახალ საპილოტე პროექტს იწყებს. სამინისტროს ინიციატივით და USAID-ის მხარდაჭერით პროექტი 2015 წელს საქართველოს ორ რეგიონში - იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განხორციელდება. საპილოტე პროექტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნული რეგიონის პირველ პირებს და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გააცნეს.
სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ფარგლებში სამშობიარო კლინიკების დონეებად დაყოფა და რისკის შესაბამისი მომსახურების გაწევა იგეგმება.
"დედათა და ბავშვთა სიკვიდილიანობა, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს, ერთ-ერთ სერიოზულ პრობემას წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში. პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს ყველა პაცინეტი მოხვდეს ზუსტად იმ ადგილას და იმ დროს, რაც აუცილებელია მისი მკურნალობის სწორად წარმართვისათვის," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ.
სამინისტროს ინიციატივას ქუთაისში მოქმედი სამშობიარო კლინიკების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.
"დონეებად დაყოფა მისცემს პაციენტებს იმის საშუალებას, რომ შესაძლო გართულების შემთხვევაში, ზუსტად იმ კლინიკას მიმართონ, რომელიც ამისთვის მომზადებულია," - ამბობს ქუთაისის ახალი მე-2 სამშობიაროს დირექტორი, ირაკლი მერკვილაძე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პილოტურ რეგიონებში 40 ნეონატოლოგისა და 50 მეან-გინოკოლოგის გადამზადება უკვე მოხდა. პროექტი ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გავრცელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით საქართველოში დედათა სიკვიდლიანობის მაჩვენებელი 27,7-ია, მაშინ როდესაც "ათასწლეულის დეკლარაციის" მიხედვით ეს მაჩვენებელი 16-ს არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება, ბავშვთა სიკვდილიანობას, მისი მაჩვენებელი საქართველოში 11,13-ს შეადგენს.
დეა მანაგაძე

Print