ჯანდაცვა
ქუთაისში ლეიშმანიოზის შემთხვევები დაფიქსირდა – სპეციალისტების რჩევები
FaceBook
ქუთაისს უკვე ლეიშმანიოზის დაავადების ერთ–ერთ კერად ასახელებენ.

ქუთაისში ლეიშმანიოზით დაინფიცირების შემთხვევებმა ბოლო წლებში იმატა. მათ შორის, მიმდინარე წელს დაფიქსირებულმა ფაქტმა შუახნის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

3–4 წლის წინ ლეიშმანიოზის შემთხვევები მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდებოდა. თუმცა, სპეციალისტები ქუთაისს უკვე ლეიშმანიოზის დაავადების ერთ–ერთ კერად ასახელებენ.

დაავადებით დაინფიცირების შემთხვევები ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება.

შინაგანი ორგანოების ანუ ვისცერალური ლეიშმანიოზი სეზონური დაავადება და ყველაზე ხშირად ბავშვებში ვლინდება. ინფექციის წყაროდ ძაღლი, გადამტანად კი მცირე ზომის მწერი, მოსკიტი ფლებოტომუსი ითვლება.

ადამიანი, სწორედ მწერ მოსკიტის, რომელსაც "მუწაკის" სახელითაა ცნობილი, კბენის შედეგად ინფიცირდება.

შემთხვევა

ქუთაისში მცხოვრები სამი წლის ბიჭი ლეიშმანიოზით ორი წლის წინ დაავადდა. ბავშვის დედის განმარტებით, დაავადების დიაგნოსტიკა დროულად ვერ მოხდა, რის გამოც პატარას მდგომარეობა დღემდე რთულია.

"პერიოდულად აქვს მაღალი სიცხეები. ორი წელია ვმკურნალობთ ბავშვს. გამოჯანმრთელების პროცესი არის მძიმე და ხანგრძლივი," – ამბობს ბავშვის დედა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

მისივე თქმით, პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა ქალაქის ერთ–ერთ გასართობ პარკში სეირნობის დროს, მწერის დაკბენის შემდეგ გართულდა. 

დიაგნოსტიკა

ინფექციურ დაავადებათა კლინიკა "მედიქალსიტიში" აცხადებენ, რომ დაავადების გამოვლენა რთულია, რადგან ის კბენისთანავე არ მჟღავნდება.

"ვისცერალური ლეიშმანიოზისთვის დამახასიათებელია ღვიძის ელენთის და ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ცხელება. დაავადების ინკუბაციური პერიოდი, როდესაც ინფექცია შეიჭრა ორგანიზმში, მაგრამ კლინიკური ნიშნები 6 თვის შემდეგ გამომჟღავნდა, 2–3 კვირიდან 6–7 თვემდე გრძელდება," – ამბობს "მედიქალსითის" სამედიცინო დირექტორის მოადგილე, ინფექციონისტ–ჰეპატოლოგი, ნანა გონგაძე.

ლეიშმანიოზი ადამიანებთან ერთად, ცხოველებსაც ემართებათ.

"ზოგჯერ კანის ფორმით ავადდება ადამიანი და მხოლოდ ამით შემოიფარგლება. დაკბენის ადგილას პატარა სიწითლე გაჩნდეს ან არა. ადამიანებს ხშირად არ ახსოვთ როდის უკბინა მწერმა. კბენის შემდგე კანზე სიწითლე თუ განვითარდა ეს კარგია იმიტომ, რომ ადამიანი ყურადღებას მიაქცევს და ექიმს მიმართავს," – განმარტავს ნანა გონგაძე.

მისივე თქმით, ხშირად ნაკბენის აღმოჩენა ექიმებსაც უჭირთ, რადგან როდესაც ადამიანი მაღალი ცხელებით მოდის, ეს ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციად ითვლება და ბანალური მკურნალობა იწყება.

პრევენცია

ლეიშმანიოზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა მოსკიტი მწერის ნაკბენისაგან თავის დაცვა. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ბავშვები საღამო ხანს ეზოში თამაშს მოარიდონ და მაქსიმალურად შეეცადონ სხეულის ღია ადგილების ტანსაცმლით დაფარვა. დაავადების გადამტანი მწერი მოსკიტი შებინდებისას აქტიურდება.

"ყველაზე ხშირად ფეხის, ყელის, კისრის ღია ნაწილებსა და სახეზე გვხვდება ნაკბენი და მწერი ხშირად დაბალ ბუჩქებში ბინადრობს, ამიტომ უმჯობესია სხეული დაფარული იყოს," – განმარტავს ნანა გონგაძე.

ინფექციონისტ–ჰეპატოლოგის ინფორმაციით, ქუთაისში ლეიშმანიოზის გადამტანი მოსკიტი უფრო მეტად ჭახათასა და გორას უბნებშია გავრცელებული.

პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის მონაცებით, 2016 წლის 5 თვეში საქართველოში ლეიშიმანიოზის 31 შემთხვევა დაფიქსირდა.
Print