ჯანდაცვა
"ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა"- პაატა იმნაძე
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, ქვეყანაში, ამ დროისთვის, 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა.

მისივე თქმით, ძირითადად, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია, შემდეგ კი ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა.

„არის H3 ვირუსიც, ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია. რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია, რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა, ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა“,
- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ვირუსების პიკურ პერიოდს ჯერ არ გადაუვლია და ის დეკემბრის ბოლოს და თებერვლის მეორე ნახევარში იქნება.

იმნაძის განმარტებით, აუცილებელია, გრიპის სეზონის დაწყებამდე, ადამიანმა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა ჩაიტაროს, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.

„როდესაც ადამიანი სეზონის დროს იცრება, ვაქცინა დაუყოვნებლივ არ იძლევა იმუნიტეტს, დაახლოებით 10-14 დღე სჭირდება იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის. დღეს რომ ვაქცინა გაიკეთო და ხვალ გრიპი დაგემართოს, ვაქცინის ბრალი არ იქნება, რადგან მან ვერ მოასწრო მუშაობა. განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებს, მოხუცებს, ორსულებს, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სასუნთქი სისტემის დაავადებები და პატარა ბავშვებს, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ გრიპი, მათთვის აუცილებელია აცრა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ნიღბის ტარებაც, რათა არ გავავრცელოთ ვირუსი.



Print