ჯანდაცვა
"ადგილი არ გვაქვს" - რა ხდება ქუთაისის კოვიდკლინიკებში
FaceBook
იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
რეგიონში ამ ეტაპზე 1 388 პაციენტი მკურნალობს, აქედან 505 ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 33 კი ჟანგბადდამოკიდებულია.

ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება და იმატებს როგორც მძიმე ასევე ჟანგბადდამოკიდებული პაციენტების რაოდენობა.



კოვიდინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის მიუხედავად,  იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში კოვიდკლინიკა არაა, შესაბამისად, მთავარი დატვირთვა ქუთაისის კოვიკლინიკებზე მოდის.

ქალაქში  ამ დროისთვის კი, მხოლოდ  7(ლჯ, ჩხობაძის კლინიკა, მედიქალ სითი, კლინიკური, ბომონდი, საღორიის საავადმყოფო, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო) სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი კოვიდპაციენტის მიღება. 

დღეის მდგომარეობით, ამ კლინიკებიდან ადგილი მხოლოდ ერთ კოვიდკლინიკაშია, ისიც გარდაცვლილი პაციენტის ხარჯზე.  თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბენიან, რომ საწოლფონდების დეფიციტი არ აქვთ.

"საწოლფონდების დეფიციტი ახლა ნამდვილად არ გვაქვს'',- ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია თევდორაშვილი.

,,ამ დროისთვის 15 პაციენტი მყავს, რომელიც ჯანგბადზეა შეერთებული. შესაბამისად, მეტი პაციენტის მიღება სამწუხაროდ არ შეგვიძლია", - ამბობს ჩხობაძის კოვიდკლინიკის მთავარი ექიმი გოგიტა ბაბუნაშვილი.



"სარეანიმაციოში 30 მძიმე პაციენტი გყავს და მხოლოდ 13 ჟანგბადის აპარატი გვაქვს, ვერ მივიღებთ ვერავის ჯერჯერობით'',- ამბობს კოვიდკლინიკის კიდევ ერთი მენეჯერი ქუთაისში. 

ბოლო 24 საათში საქართველოში 65 პაციენტი გარდაიცვალა. ამ ყოველდღიური სტატისტიკის მიღმა ადამიანები და ოჯახები დგანან, რომელიც სახელმწიფოს მუდმივად  ავიწყდება.
Print