ჯანდაცვა
შემოდგომა - გრიპისა და გაციების სეზონი - რას გვირჩევენ მედიკოსები პრევენციისთვის
FaceBook
როგორც ექიმები ამბობენ გრიპისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია.

ქუთაისელი მედიკოსები შემოდგომაზე ვირუსულ ინფექციებს შორის, ყველაზე მეტად გავრცელებულად, გრიპის ვირუსს ასახელებენ. თუმცა მიუთითებენ, რომ ამ ეტაპზე, ვირუსული ინფექციების შემთხვევები ქუთაისში მასშტაბურად არ ფიქსირდება.

რატომ გვიტევს ვირუსული ინფექციები და რა ნორმები უნდა დავიცვათ მათი თავიდან ასაცილებლად - აღნიშნული კითხვებით "ქუთაისიპოსტმა" მედიკოსებს მიმართა.

ქუთაისელი მედიკოსების თქმით, ვირუსების თავიდან არიდების ორი გზა არსებობს: პრევენცია და მკურნალობა.

"თუ ვისაუბრებთ პრევენციაზე, ეს უპირველესად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაა, რომელიც ყოველწლიურად, ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში უკეთდებათ პაციენტებს, სხვა შემთხვევაში, როცა პაციენტს უკვე ვირუსი აქვს, ან გაციებულია ენიშნება მკურნალობა, თუმცა ვირუსული ინფექციების სეზონს, რომ მომზადებული დავხვდეთ და მისგან სრულიად ვიყოთ დაცული, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინის წინასწარ გაკეთებაა ერთადერთი გამოსავალი," - ამბობს ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედცენტრის ოჯახის ექიმი ნათია მოსიავა.

მედიკოსების თქმითვე, ძირითადი ვირუსები, რაც შემოდგომაზე აქტიურდება რესპირაციული პათოგენებია, ასევე ხშირია რინოვირუსები, რაც ძირითადად ეგრეთ წოდებული სურდოს გამოწვევია. შემოდგომაზე ასევე, მაღალია ადენოვირუსული ინფექციების გავრცელების რისკი, რომელიც მწვავე ინფექციებს მიეკუთვნება. მისთვის დამახასიათებელია სასუნთქი გზების, თვალების, ნაწლავების ლორწოვანი გარსის და ასევე, ლიმფოიდური ქსოვილების დაზიანება.
"შემოდგომის პერიოდში გარემოში მიკრობების ზრდა ხდება, შესაბამისად დაავადებების სიხშირე იმატებს, ტემპერატურული ცვალებოდობის გამო, ხშირია გაციების შემთხვევებიც,"- განმარტავენ მედიკოსები.

როგორც ექიმები ამბობენ გრიპისა და გაციების ერთმანეთისგან განსხვავება საკმაოდ რთულია, რადგან ორივე მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება. შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა, მოთენთილობა, დაღლილობის შეგრძნება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ხველება, სურდო, - აღნიშნული სიმპტომებით, პაციენტს შესაძლოა გრიპის ვირუსი ჰქონდეს, ან უბრალოდ, გაციებული იყოს.


"იმდენად მსგავსი ჩვენებები აქვს გრიპსა და გაციებას, შეუძლებელია მათი ერმანეთისგან გამიჯვნა მაღალკვალიფიციური ლაბორატორიულ - დიაგნოსტიკური კვლევების გარეშე, ამიტომაც დახმარების პირველად დონეზე, ამის ზუსტად დიაგნოზირება არ ხდება. თუმცა ერთი განსხვავება ისაა გრიპსა და გაციებას შორის, რომ გრიპის შემთხვევაში, გაციებისგან განსხვავებით, პაციენტი ადვილად ვერ გამოდის მდგომარეობიდან," - ამბობენ ექიმები.

მედიკოსების თქმით გრიპი და გციება თუ დასაწყის პეროდში ძლიერ ფორმებში არ აღენიშნება პაციენტს, ორი დღის განმავლობაში შეუძლია თავად მართოს საკუთარი ჯანმრთელობა, მიიღოს ბევრი სითხე და ტემპერატურის დამწევი საშუალებები.

"თუ ტემპერატურამ აგიწიათ, თავისა და სახსრების ტკივილმა მოიმატა, აუცილებლად ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს," - საოჯახო მედცენტრის ექიმი ნათია მოსიავა.

მისივე თქმით, გრიპისა და გაციების გართულებულ შემთხვევაში, თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს, შესაძლოა გრიპი და გაციება გადაიზარდოს პლევმონიაში (ფილტვების ანთება) ან სხვა სხვა რთულ თანდართულ დაავადებებში.

Print