ახალი ამბები
საქართველო კორონავირუსის ვაქცინას მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებს - ჯანდაცვის სამინისტრო
FaceBook
ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს
- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გადარიცხა. მისი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლეობის 20 პროცენტის სამყოფი დოზის მოთხოვნა შეუძლია და საჭირო თანხა მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print