გართობა
ქუთაისში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების იმერეთის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდება
FaceBook
ქუთაისში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების იმერეთის სასკოლო ჩემპიონატის ჩატარების ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია 3 500 ლარიან ტენდერს აცხადებს.

მასში მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის ნაკრები სასკოლო კლუბები მიიღებენ. 

სახელმწიფო შესყიდვა (SPA170012190)  7 სექტემბერს გამოცხადდა, სადაც წინადადების მიღება 15 სექტემბერს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება.  

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭიროა რეჟისორების (2 პირი) ჩართულობა, რომლებმაც უნდა დაწერონ სცენარები და მოამზადონ გუნდები სასცენო გამოსვლისათვის. აღნიშნულ პირებს უნდა გააჩნდეთ მსგავსი ღონისძიების რეჟისორობის ორი წლის გამოცდილება. ამ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაცია.

დოკუმენტში ასევე, მითითებულია, რომ ჩემპიონატის მონაწილე კლუბების სცენარების რედაქტირებისთვის ორი რედაქტორის მოწვევაა გადაწყვეტილი, თანაც მათ მიერ წარმოდგენილი სცენარები არ უნდა შეიცავდეს ხუმრობებს სატელევიზიო შოუებიდან, სხვა ჩემპიონატებიდან და ა.შ. ასევე ნომრებს, რომლებიც შეიცავს ძალადობის პროპაგანდას, ჰომოფობიურ განცხადებებს და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების შელახვას.

ჩემპიონატისთვის ასევე იწვევენ ერთ წამყვანს, რომელიც უნდა იყოს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. იწვევენ მუსიკალურ გამფორმებელს, რომელსაც უნდა გააჩნდეს მსგავსი ღონისძიებების მუსიკალურად გაფორმების მინიმუმ ორი წლის გამოცდილება.

პროექტის 120 მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცემა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  ჟიურიში საზოგადოებისთვის ცნობადი 5 ადამიანის მოწვევაა განსაზღვრული.


Print