გართობა
21 აპრილი - რომის დაარსების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება. გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

დღეს ბრიტანელები თავიანთი მონარქის, დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღეს აღნიშნავენ.

ამ დღეს დაბადებულა ინგლისელი მწერალი ქალი შარლოტა ბრონტეც, "ჯეინ ეარის" ავტორი.

21 აპრილს, 193 წლის წინ კი ცნობილი ქართველი პოეტი და დრამატურგი, რაფიელ ერისთავი დაიბადა.

დღევანდელი დღე ისტორიაში კიდევ ერთი დაბადების დღითაა ცნობილი, მაგრამ არა რომელიმე პიროვნების, არამედ ქალაქის. და ეს ამბავი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მომხდარა. რომაელი მკვლევარების გამოთვლით, ქრისტეს დაბადებამდე 753 წლის 21 აპრილს რომულუსსა და რემუსს ქალაქი რომი დაუარსებიათ.

1709 წელს ავღანეთში შეთქმულებმა ქართლის მეფე, გიორგი XI მოკლეს.

1945 წლის 21 აპრილს საბჭოთა ჯარები ბერლინში შეიჭრნენ.

1960 წელს ბრაზილიის მთავრობა, პარლამენტი და სასამართლო რიო დე ჟანეიროდან ქალაქ ბრაზილიაში გადავიდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ქვეყნის ახალ დედაქალაქად, 21 აპრილს ქალაქი ბრაზილია გამოცხადდა. იგი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. არქიტექტურული დაპროექტებით, ქალაქ ბრაზილიის გეგმას თვითმფრინავის ფორმა აქვს.

2009 წლის 21 აპრილიც იუნესკოს უკავშირდება. ამ დღეს ორგანიზაციამ, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკასთან ერთად, მსოფლიო ციფრული ბიბლიოთეკის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა.


Print
თეგები: #21 აპრილი