გართობა
14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება
FaceBook
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
ახალი წლის დადგომას მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობა 1 იანვარს ზეიმობს, თუმცა არსებობენ ერები, რომლებიც ამ დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავენ, 1 იანვარსა და 14 იანვარს, მათ შორისაა საქართველოც.

ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა გამოწვეულია ორი კალენდარული სისტემის არსებობით, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ძველი და ახალი სისტემების ერთდროულად გამოყენებით. დღესდღეობით, მთელი მსოფლიო ოფიციალურად გრიგორიანულ კალენდარს ეყრნობა, რომელიც 1582 წელს პაპ გრიგოლ II მიერ გატარებული კალენდარული რეფორმის შემდეგ დამკვიდრდა ევროპაში.

საქართველოში გრიგორიანული კალენდარი გასაბჭოების პერიოდში შემოიღეს. ამის პარალელურად, მართლმადიდებლური ეკლესია დღესაც დღესასწაულებს IV საუკუნეში დამკვიდრებული იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს. სწორედ ამიტომ ახალი წელი ორჯერ იზეიმება. იულიუსის კალენდრის მიხედვით, ახალი წელი 13 იანვრის ღამეს დგება, ხოლო გრიგორიანული სტილით ეს დღესასწაული 31 დეკემბრის ღამეს აღინიშნება.

“ძველით ახალ წელს" საქართველოს გარდა, ასევე აღნიშნავენ საბერძნეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, სერბეთში, რუმინეთში, ყაზახეთში, მაკედონიაში, სომხეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.


Print