გართობა
საახალწლო ტრადიციები იმერეთში
FaceBook
იმერეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა მხარეებში, ახალი წლის აღნიშვნა ტრადიციებთანაა დაკავშირებული. ამ დღესასწაულზე ჩვენი წინაპრები გარკვეულ რიტუალებსაც ასრულებდენ.

იმერული ძველი ტრადიციით, ახალი წლის დილას, მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი, ხორაგით სავსე ხონჩით, სამჯერ წაღმა შემოუვლიდა სახლს გარშემო და უფალს წყალობას, ჯანმრთელობას, გამრავლებას, ხვავსა და ბარაქას შესთხოვდა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი,ღერღილის პური და ტკბილი კვერები ეწყო.

ამის შემდეგ ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა, ბუხარში მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე ძლიერად დაჰკრავდა ჯოხს და საკვამურიდან ცისკენ წასულ ნაპერწკლებს ლოცვას დაადევნებდა: „ როგორი უხვიც არის ეს ნაპერწკლები, ისე გვამრავლე და გაგვახარეო, ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ხარი და კამეჩი, ამდენი ღორი, ქათამი და ინდაურიო; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო.“

მეკვლეს კი ოჯახში წყალი მოჰქონდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლის წინამძღოლობით მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ.

ახალი წლის ღამეს  კი, ძილის წინ, იმერეთში, ბალიშის ქვეშ, ოჯახის ყველა წევრი ერთ ნატეხ შაქარს ამოიდებდა, რომ მთელი წელი ტკბილად და ბედნიერად გაეტარებინათ და ეს ნატეხი, მამლის ყივილამდე უნდა შეეჭამათ.


Print