გართობა
30 დეკემბერს, ქუთაისში საახალწლო ველომსვლელობა გაიმართება
FaceBook
30 დეკემბერს, ქუთაისის ქუჩებში, ველომოყვარულები გამოჩნდებიან და მოქალაქეებს საახალწლო განწყობას შეუქმნიან.
ისინი ე.წ. კიკვიძის ბაღთან, 18:30 საათზე შეიკრიბებიან და საახალწლო ფორმაში გამოწყობილები, ქალაქის უბნებს შემოივლიან.

ველომსვლელობის ორგანიზატორი ქუთაისელი გიორგი გუბელაძეა.

„30 დეკემბერს, ქუთაისში ვგეგმავ საყოველთაო ველომსვლელობას, ანუ Critical Mass-ს. ველოდები ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ვინც აპირებს, რომ შემომიერთდეს, თხოვნა მექნება, რადგან საახალწლო პერიოდია, ჩავიცვათ სანტას/ფიფქიას ფორმები და დავიხუროთ საახალწლო ქუდები, რათა უფრო ლამაზი გამოვიდეს მსვლელობა და შესამჩნევებიც ვიყოთ ღამით, ქუჩებში. ასევე, ვისაც სურვილი და საშუალება ექნება, ველოსიპედებზე დავიმაგროთ პატარა საახალწლო ხურჯინები, სადაც გვექნება კანფეტები და გზად დავურიგოთ დასუფათავების სამსახურის თანამშრომლებს, გაჭირვებულებს, ბავშვებს, დიდებს და უკლებლივ ყველას. შემოვიტანოთ დადებითი მუხტი ქალაქში, ახალი წლის წინა დღეს“, -ამბობს გიორგი გუბელაძე.

გიორგიმ, ველომსვლელობის მოწყობა და ამით მოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა, რამდენიმე წელია, ტრადიციად აქცია. ახალი წლის მოახლოებამდე ერთი თვით ადრე, თავად თითქმის ყოველ დღეს ვხედავთ სანტას ფორმაში გამოწყობილს და ველოსიპედით მოსიარულეს ქუთაისის ქუჩებში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი



Print