ახალი ამბები
კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები Google-ის შემეცნებით პლატფორმაზე განთავსდა
FaceBook
საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები Google-ის შემეცნებით პლატფორმაზე  „Arts and Culture" განთავსდა.

ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა, ამ ფაქტმა გაზარდა ინტერესი მათ მიმართ. საერთაშორისო კორპორაციამ „Google საქართველოში“ არსებული UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ ინტერაქტიული გამოფენა საკუთარ შემეცნებით პლატფორმაზე „Arts and Culture განათავსა. 

პლატფორმის "Google Arts and Culture" ვიზიტორი შეძლებს კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. პლატფორმაზე განთავსებულია ფოტო-ვიდეო მასალები, რომლის ფორმატიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, ვირტუალურად იმოგზაუროს და აღმოაჩინოს საქართველოს უნიკალური ბუნება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიაჩნიათ, რომ Google- ის შემეცნებით პლატფორმაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს და მისი ბუნებრივი მემკვიდრეობის ცნობადობის ზრდას და, შესაბამისად, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას.

2021 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, "კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების" სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

მინიჭებული სტატუსი ამ უნიკალური ეკოსისტემის საერთაშორისო დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო საქართველოს აძლევს ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარების მიღების შესაძლებლობას მისი მდგრადი მართვის, მონიტორინგისა და კონსერვაციის განსახორციელებლად.
Print