გართობა
რას კითხულობდნენ ქართველები 2021 წელს
FaceBook
წიგნების მაღაზიათა ქსელმა ,,ბიბლუსმა''გამოაქვეყნა წიგნების ჩამონათვალი, რომლებსაც ქართლმა მკითხველმა 2021 წელს უპირატესობა მიანიჭა.
პირველი ადგილი მარკ მენსონის წიგნმა – "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" დაიკავა.

საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება''. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია.


2. თემურ ბაბლუანი – "მზე, მთვარე და პურის ყანა" (მანუშაკა მელოდება)

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, "გამოვლენილი დამნაშავე" გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება. ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)" სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

3 ჯორდან პეტერსონი – "ცხოვრების 12 წესი"

ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე, კაცობრიობის უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გთავაზობთ.

4. თამთა მელაშვილი – "შაშვი შაშვი მაყვალი"

თამთა მელაშვილის მესამე რომანი, რომლისთვისაც ავტორმა 2021 წლის ლიტერატურული პრემია საბა საუკეთესო რომანის კატეგორიაში მიიღო. შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა. ეთეროს ფიქრების, განცდებისა და ემოციების კორიანტელში თანდათან იკვეთება მთავარი გმირის მძიმე ცხოვრების ისტორია; პროვინციული ქალაქების, ერთი შეხედვით, უძრავი და უცვლელი, სოციალური თუ პიროვნული სირთულეებით დაღდასმული ყოფა, რომელიც ადამიანებზე გამანადგურებლად მოქმედებს; დილემები, რომელთა წინაშეც მთავარი გმირი უეცრად აღმოჩნდება და რაზეც საბოლოო პასუხიც მკითხველმა უნდა გასცეს.

5. ჯერომ სელინჯერი – "თამაში ჭვავის ყანაში"

ჰოლდენი ამბობს : "წიგნი ისეთი უნდა იყოს რომ წაიკითხავ უნდა მოგინდეს რომ მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რომ დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას …" ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ნამდვილად გვიჩნდება სურვილი ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობისა.

6. ჰაიმ ჯ. ჯინოტი – "მშობელსა და შვილს შორის"

სახელმძღვანელო, რომელიც ფსიქოლოგმა ჰაიმ ჯინოტმა 35 წლის წინ დაწერა მსოფლიო ბესტსელერია, ამ დროისთვის წიგნის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გამოცემული. ეს შეუცვლელი სახელმძღვანელო გვაჩვენებს, როგორ შეიძლება: ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე; გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე; კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს; ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ.

7. მარიამ გურგენიშვილი – "მარგალიტები"

რომანი 1990-იანი წლების დასაწყისის თბილისს სრულებით ახლებურად დაგანახვებთ. მკითხველის თვალწინ დროზე ადრე გაზრდილი პერსონაჟები ყველაფერს უძლებენ, რისი გაძლებაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელია. ეს არის სიცილითა და ცრემლებით სავსე ამბავი ქვეყანასა და გოგონებზე, რომლებიც ცდილობენ, ცხოვრება გააგრძელონ და გადარჩნენ. მარიამ გურგენიშვილი ,,გახდი ბესტსელერის'' ერთ-ერთი გამარჯვებულია.

8. თინათინ ბერიძე – "მოპარული სიყვარული"

წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები – ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

9. ფრენკ ჰერბერტი – "დიუნი"

წიგნს, რომელმაც ავტორს ნებულას ჯილდო მოუტანა და ვისი სახელიც სამუდამოდ უკვდავყო, სამეცნიერო ფანტასტიკის პანთეონში ღირსეული ადგილი უკავია. დიუნი არა მხოლოდ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია, არამედ გაყიდვის რეკორდული მაჩვენებლითაც გამოირჩევა

10. გურამ დოჩანაშვილი – "ბრმადყოფილზე და ......."

ამ რომანზე გურამ დოჩანაშვილი ბოლო რამდენიმე წელი მუშაობდა. ის სამი ნაწილისგან შედგება. ცოცხალ კლასიკოსად აღიარებული მწერლის ახალ რომანში გამოყენებულია სიუჟეტი იოანეს სახარების მეცხრე თავიდან, რომელშიც მოთხრობილია ამბავი უსინათლოსთვის თვალის ახელის შესახებ. როგორ გრძელდება თვალახელილის სიცოცხლე, რა არის მნიშვნელოვანი - რას თუ როგორ ხედავ? როგორ იყენებს ადამიანი ღვთისგან მონიჭებულ უდიდეს საჩუქარს - სინათლეს... ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემებს ეხება გურამ დოჩანაშვილის ახალი რომანი, სამტომეული, რომელიც სახარებისეული სიუჟეტის კიდევ ერთ განსაკუთრებულ ლიტერატურულ ვარიაციას წარმოადგენს.





Print