რჩევები
ახალი ტყემალი იმერულად
FaceBook
ახალი ტყემალი. ახლადმოსული მწვანე ტყემლის ნაყოფით მზადდება. უგემრიელესი საწებელი ბევრ კერძს, განსაკუთრებით კი ,,შემწვარ–მოხრაკულებს" უხდება.


,,ქუთაისიპოსტი" გთავაზობთ ახალი ტყემლის იმერულ რეცეპტს.

ინგრედიენტები:


1 კგ ახალი, მწვანე ტყემალი

ერთი კონა ქინძი (უმჯობესია აყვავილებული)

ნახევარი კონა ცერეცო

5–7 ღერი ომბალო

5 კბილი ახალი ნიორი

მარილი, შაქარი, წითელი წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი :

1 კგ ახალი, მწვანე ტყემალი დავარჩიოთ, დავაცალოთ ყუნწები, გავრეცხოთ და ქვაბში ჩავყაროთ. შემდეგ დავასხათ წყალი იმდენი, რომ ნაყოფი დაფაროს. როგორც კი წამოდუღდება გადმოვდგათ ცეცხიდან და საწურზე გავწუროთ. ნაყოფის ნახარში წვენი გავაგრილოთ და შევინახოთ.

მოხარშული ტყემლის ნაყოფი საწურზე გავცხრილოთ, მიღებულ მასას შენახული ნახარშის წვენი დავუმატოთ იმდენი, რომ მასა საშუალო სისქის გამოვიდეს. (ვისაც მჟავე ტყემალი არ უყვარს, შეუძლია გაცხრილული ნაყოფის მასას ტყემლის ნახარშის ნაცვლად, გადადუღებული წყალილ დაუმატოს). 

ცალკე ბლენდერში, ან სანაყში, ანდა საკეპ მანქანაში (რომელიც მოგეპოვებათ) ჩავყაროთ დაჭრილი ქინძი, ცერეცო, ომბალო, ნიორი და დავნაყოთ. მიღებული მასა შევურიოთ გაცხრილულ ტყემალს, დავამატოთ ცოტაოდენი შაქარი (თუ გინდათ, რომ საწებელი არ იყოს მჟავე) მარილი და დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით. ყველაფერი კარგად ავურიოთ და იმერული მწვანე ტყემალიც მზადაა.

გემრიელად მიირთვით.  



Print