გართობა
სახალისო ქართული გამოთქმები, რომლებიც ბებია-ბაბუებს გაგახსენებთ
FaceBook
ქართული ენა მდიდარია ხატოვანი სიტყვა–თქმებით, რომელთა ნაწილი დროთა განმავლობაში მივიწყებას მიეცა, ზიგიერთი კი ჯერაც გამოიყენება მეტყველებაში.

გთავაზობთ ქართულ გამოთქმებს ანბანის მიზედვით, რომლებმაც შესაძლოა ბებია––ბაბუების საუბრის მანერა გაგახსენოთ, თქვენც გამოიყენოთ, ან უბრალოდ გახალისდეთ:


ათასი თოკიდან გამომძვრალი – მეტად გამოცდილი, ბევრი გაჭირვების მნახველი, გადარჩენილი.

ააბრუნა წისქვილი – დაიწყო დაუსრულებელი ლაპარაკი.

ავენთე და დავენთე – ძალზე გავბრაზდი, გავჯავრდი.

ალიკუდა – ეშმაკი, გაიძვერა ქალი.

ამოქაქანება – წუთიერი დასვენება.

ადვილად იტყვის ენა – რაიმე, როცა მძიმე შესასრულებელია.

აბდაუბდა–გადასკუპდა – საუბარში, თუ საქმეში გზაკვალის არევა, უაზროდ, არევით ლაპარაკი.

აბრაამის ბატკანი – უდანაშაულო, უბრალო ადამიანი.

ადიდაში გამოსული – გაქნილი, დაუნდობელი, ვერაგი, ქლესა.

არც მკვდრებშია, არც ცოცხლებში – გამოუსადეგარი ადამიანი.

არტახში მიბია ხელი – ძალიან მიჭირს.

ავ თვალ არ ენახვება – მეტად კარგი, მშვენიერი.

ავყია, ავყიობა – მოურიდებელი სიტყვა–პასუხში, ბილწად მოსაუბრე, უწმაწური სიტყვების წამომსროლელი.

ავხელი – ქურდი.

ათადან–ბაბადან – უხსოვარი დროიდან.

აპილპილება – ერთბაშად, უცებ გაცხარება.

არამგამა – უდარდელი ადამიანი, ყველაფერი ფეხზე ჰკიდია.

არც აცივა, არც აცხელა – პირდაპირ, დაუყონებლივ რაიმეს თქმა, ქმედება.

არც ღვინოა, არც წყალი – უნიათო.

არც ცისა იცის, არც ქვეყნისა – არაფერი იცის.

აღრენილი – ცუდ გუნებაზე მყოფი.

აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი – ყოვწელნაირად ვცადე, ვეცადე, ყველას ვთხოვე დახმარება. 

ბუზსაც ვერ ამიფრენ – ვერაფერს ვერ დამაკლებ.

ბუდრუგანაობა – უთავბოლოდ ლაპარაკი, ჩოჩქოლი.

ბრმა–ყრუდ ყოფნა – რამის დანახვის ან მოსმენის არ, ვერ გაგება. 

ბოლოქნევია – მლიქვნელი.

ბევრი საცრის პური მიჭამია – ბევრი რამ გამომივლია, გამოცდილობის ნიშანი. 

გაალმასებული – გულმოსული, გაბრაზებული.

გავიდა გაღმა – სიკვდილი.

გამოიბა ძაღლის ყბა – ბევრი და უმიზნო ლაპარაკი.

გულს გიპოვის – გაგახარებს, მოგეწონება.

გუდამშიერი – ღარიბი.

გულდედალი – მხდალი, მშიშარა.

გულზე ბინდის დაცემა – დადარდიანება, დანაღვლიანება.

გულზე ვარდის გადაფენა – უსაზღვროდ გახარება.

გულის თუთქვა – უზომო დარდი.

გულნამცეცა– შეუბრალებელი, ულმობელი.

დამრჩა ნიორის ნაქურჩალი – ყველაფერი წამერთვა.

დაუკრიფავში ნუ გადახვალ – აკრძალული რამის კეთება, უწესოდ მოქცევა. 

დაქოჩვრა– წაჩხუბება, გალახვა.

დაძმარება – დაღონება, დაგვიანებით რისამე კეთება, უიმედობა, სასოწარკვეთილება.

დევი ყურით არ დაუჭერია – დიდი ვაჟკაცობა არ გამოუჩენია.

დუღს და გადმოსდის – ძალლიან მდიდარია, სავსეობა. 


სხვა ქართულ ხატოვან გამოთქმებს, ქუთაისიპოსტი ანბანის მიხედვით, მომავალ კვირაში გაგაცნობთ. 

p.s. მკითხველს შეუძლია მოგვაწოდოს ის სიტყვები, რომელიც ჩამონათვალში არ არის.
Print