გართობა
რატომ ჩაიშალა დრიფტის შეჯიბრი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში დრიფტის შეჯიბრის მესამე საფინალო ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს უნდა გამართულიყო, აღარ გაიმართება.
ამის მიზეზი  ის ადგილი გახდა, სადაც შოუ უნდა ჩატარებულიყო.

დასავლეთის დრიფტის ფედერაციის წარმომადგენლები შოუს ჩასატარებლად ქუთაისის მერიას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას სთხოვდნენ, თუმცა, მერიისგან უარის მიიღეს.

"ალერნატივად რიონისპირა ტერიტორია შეგვთავაზეს, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია. არადა მერია ვალდებული იყო ჩვენი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა თუ იმ კონკრეტულ თარიღში იმ ლოკაციაზე არ ტარდებოდა სხვა ტიპის ღონისძიებები", – ამბობს დასავლეთის დრიფტის ფედერაციის ხელმძღვანელი, დავით კუხიანიძე.

დრიფტერები ამბობენ, რომ მერიის პასუხით კლუბმა 6 000 ლარით იზარალა, რომელიც კლუბის რეკვიზიტების შეძენასა და მაღალი ხარისხის ღონისძიების დაგეგმარებას უნდა მოხმარებოდა. 

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ასეთ შემთხვევებში ადგილმდებარეობას საპატრულო პოლიცია განსაზღვრავს, რომ მერია ამ დროს მოთხოვნას საპატრულო პოლიციაში აგზავნის და გადაწყევტილებას მათი რეკომენდაციის შესაბამისად იღებენ.

"სივრცე ექვსი საათის განმავლობაში უნდა გადაკეტილიყო, რაც რთული იქნებოდა, ვერ იქნებოდა უსაფრთხოების ზომები დაცული, ამიტომ გაიცა ასეთი რეკომენდაცია საპატრულო პოლიციის მიერ",  – ამბობს მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, თამთა თურმანიძე.


დრიფტ შოუ ქუთაისში პირველად 2013 წელს ჩატარდა.

Print