განათლება
„ფრაქციას უფლებამოსილება არ გააჩნია“ - სკოლებში რელიგიის სწავლების შესახებ
FaceBook
ქუთაისში ფრაქცია "ქართული ოცნება კონსერვატორების" სხდომაზე საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხი განიხილეს.

როგორც ფრაქციის წარმომადგენლები აზუსტებენ,  საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება ფრაქციის თავმჯდომარის სახელზე ერთ-ერთი მოქალაქისგან შევიდა.

მათი თქმით, წერილს თან ახლდა სხვადასხვა სკოლების მშობლების 700-ზე მეტი ხელმოწერა.

განცხადებაში მოქალაქე აღნიშნული საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით ფრაქციის წარმომადგენლებს განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობას თხოვდა.

"ჩვენ ვალდებული ვართ თითოეული მოქალაქის განცხადება განვიხილოთ და ის საკითხები შევისწავლოთ, რომლის მოგვარებასაც მოქალაქეები ითხოვენ. პირველ სხდომაზე მოხდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდეს საკითხის შესწავლა სრულყოფილად ისე რომ მასში ჩართული იქნებიან სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები. რადგან თემა ძალიან ფაქიზი და საპასუხისმგებლოა ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ადამიანების რელიგიურ მრწამსს", - მიაჩნია ფრაქცია "ქართული ოცნება კონსერვატორების" თავმჯდომარე ნანა კოსტავას.

ფრაქციის წარმომადგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ სკოლებში რელიგიის სწავლებასთან დაკავშირებით ისინი კიდევ შეიკრიბებიან და განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობის გაგზავნამდე სრულყოფილად შეისწავლიან აღნიშნულ თემას. მათი განმარტებით,  ამ საკითხის გადაჭრა არ უნდა მოხდეს რომელიმე სხვა რელიიგიის მქონე ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე.

თუმცა, იურისტებს მიაჩნიათ, რომ ფრაქცია უკვე იჭრება სხვის კომპეტენციაში, რადგან სასკოლო განათლების საკითხებში პოლიტიკის განსაზღვის ექსლუზიური კომპეტენცია განათლების და მეცნიერების სამინისტროს აქვს და ამ კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს რაიმე უფლებამოსილებები არ გააჩნია. იურისტების განმარტებით, მსგავი განცხდების საპასუხოდ ფრაქციას შეეძლო ამ საკითხებში საკრებულოს შეზღუდული მანდატის, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების მომწესრიგებელი კანონმდებლობის მკაფიო სტადარტების შესახებ განმარტებების გაკეთება და განცხადების გადამისამართება განათლების სამინისტროსთვის.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი, იურისტი თამთა მიქელაძე 2005 წელს განხორციელებულ რეფორმებზე მიუთითებს, რომლის შემდეგ რელიგიის სწავლება ამოღებულია სავალდებულო საგნების კატეგორიიდან და ზოგადი განათლების შესახებ კანონი საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპებს ამკვიდრებს, მათ შორის, საჯარო სკოლებში კრძალავს რელიგიურ ინდოქტრინაციას, პროზელიტიზმს, დისკრიმინაციას, ასიმილაციას. საჯარო სკოლებში ასევე, აკრძალულია რელიგიური ატრიბუტიკის არასასწავლო, არააკადემიური მიზნებისთვის გამოყენება. რელიგიის სწავლება შესაძლებელია მოსწავლეების ნებაყოფლობითი არჩევანის გზით, სასწავლო საათების მიღმა და ამ საკითხის რეგულირება საჯარო სკოლებისა და განათლების სამინისტროს მიერ ხდება.

"ვფიქრობ, ფრაქციას სწორედ არსებული სტანდარტების შესახებ უნდა გაეკეთებინა განმარტებები, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონსენსუსის საგანია ჩვენს საზოგადოებაში", - ამბობს თამთა მიქელაძე.

იურისტი აღნიშნავს, რომ ფრაქციას, როგორც პოლიტიკურ ჯგუფს შეეძლო შიდა ფრაქციულ სხდომაზე საკითხის სამუშაო რეჟიმში განხილვა. თუმცა, მათი მომავალი გეგმა, რომ ფრაქციის მიერ საკითხის შემდგომი შესწავლა რელიგიური ჯგუფების, სკოლების დირექტორების, მასწავლებლების და მშობლების მონაწილეობით მოხდება, პრობლემური ჩანს. 

"რადგან უშუალოდ საკრებულოს ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთან, ეს პროცესი ამ თემის პოლიტიკური გამოყენების, ინსტრუმენტალიზების რისკებს შეიცავს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ რელიგიის წავლების საკითხი პოლიტიკურ ჯგუფების მიერ საზოგადოებაში არსებული რელიგიური სენტიმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა ხშირად გამხდარა და პერიოდულად ამ საკითხებს სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა დონეზე აყენებს", - აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

რელიგიის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა არსებითია სკოლებში აკადემიური სასწავლო პროცესისა და თანასწორი და ინკლუზიური სოციალური გარემოს შექნისთვის.

"იმ პირობებში, როდესაც სკოლებში სეკულარული, სამოქალაქო საგნების (მაგალითად, ისტორია, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ფიზიკა) სწავლის პროცესი ისედაც არ არის თავისუფალი დომინანტი რელიგიური დოქტრინებითა და მათი არასწორი ინტერპრეტაციებით, რელიგიის კონფესიური სწავლება მაღალ რისკებს შეიცავს და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება განათლების ხარისხის გაზრდისა და თანასწორი სასწავლო გარემოს შექმნის პროცესს შეაფერხებს ", - ამბობს თამთა მიქელაძე.

უფრო მეტიც განათლების მინისტრის ახალი ინიციატივა არა თუ რელიგიის სწავლების, არამედ რელიგიების ისტორიების სწავლების შესახებ მკაფიოდ გაკრიტიკდა რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ.

საჯარო სკოლებში ისედაც არსებული არასეკულარული გარემო (სწავლების პროცესში ისტორიის, ლიტერატურის არააკადემიური ინტეპრეტაციები, "ჩვენ-სხვების" ეთნოცენტრისტული ნარატივის შექმნა, ისევე როგორც სხვა რელიგიებისა და კულტურის მნიშვნელობის წაშლა/სუსტი რეპრეზენტაცია, მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაცია) რელიგიების ისტორიის შესახებ ნეიტრალური და აკადემიური მიდგომებით სწავლების შესაძლებლობას არ იძლევა და ის არა თუ რელიგიური მრავალფეროვნების წახალისების შესაძლებლობა იქნება, არამედ დომინანტი რელიგიური სწავლებების ქადაგების ფორმალიზებულ სივრცეებად შეიძლება იქცეს.

" სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ფრაქციის მხრიდან რელიგიის სწავლების საკითხზე ხელახალი მსჯელობის დაწყება ზოგადი განათლების სისტემის განვითარების პოლიტიკის მიზნებს და პრიორიტეტებს არ შეესაბამება. ცხადია, რელიგიური განათლების მიღების შესაძლებლობები მოსწავლეებს ისედაც გააჩნიაათ რელიგიურ ან თვითორგანიზებულ სასწავლო სივრცეებში (საკვირაო სკოლებში, სამრევლოებში) და ამ მიზნის მისაღწევად საჯარო რესურსის გამოყენების ლეგიტიმური ინტერესი არ არსებობს", - მიუთითებს თამთა მიქელაძე.

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყებას დიდი ხანია ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.  სამინისტოროს პრესამსახურში განგვიმარტეს, რომ მალე შეიქმენება სამუშაო ჯგუფი უფრო კონკრეტულად ამ საგანზე ორიენტირებული.

"შეიქმნება მალე სამუშაო ჯგუფი კონკრეტულად  ამ საგანზე ანუ სკოლებში რელიაგათა ისტორია მალე რომ შევიდეს. თუკი ფრაქცია მოგმართავს ეს ყველაფერი ეცნობებათ წერილობით", - აღნიშნავენ სამინისტროში. 


Print