ახალი ამბები
"გადათხარეს და მიატოვეს" - ქუთაისში მოსახლეობა "წყალში ცურავს"
FaceBook
ქუთაისში ზ. გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრებლები გადათხრილი გზის დროულ რეაბილიტაციას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტერიტორია წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო ერთი კვირის წინ გადათხარეს და სამუშაოები მიატოვეს.

გადათხრილ ქუჩაზე წყლის გუბეები დგას, ასევე ფეკალური მასები იღვრება დაზიანებული საკანალიზაციო ქსელიდან.




"მანქანამ გაიარა და მოგვასხა ეს აქოთებული წყალი, ფეხებიც გვისველდება, ფაქტიურად წყალში ვცურავთ. ჭაობი გაგვიკეთეს ხელოვნურად და ბუზი, კოღო არ გვაკლია. ვითხოვთ დროულად მოაწესრიგონ ქუჩა, თორემ აქ გაძლება აღარ შეიძლება," - ამბობს გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები ლია სუთიძე.




ტერიტორიაზე  არსებული ვითარება პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმაც გააკრტიტიკეს.

"მოვუწოდებთ კომპანის, რომ მიხედონ ქუჩას და ასე ფეხებზე არ დაიკიდონ ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს," - ამბობს პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია.




გამსახურდიას ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი ფირმა "ესემკა" ახორციელებს. თუმცა კომპანიის წამომადგენლები ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებზე კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეჩერებულა.

კომპანიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ გუნიავას განმარტებით, გამსახურდიას ქუჩაზე წყლის მილების გადაერთება მოხდა და ტერიტორიაზე რეაბილიტაცია 2 დღეში დასრულდება.
Print