განათლება
115 სტუდენტის დასაფინანსებლად განაცხადების მიღება 20 მარტს იწყება
FaceBook
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს.

საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას ცენტრი 20 მარტიდან დაიწყებს, რაც 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დაფინანსების მოპოვების მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე iec.gov.ge
განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც სხვადასხვა საკონკურსო პროგრამების საშუალებით აშშ-ის, ევროპის და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს, კონკურსს წელიწადში ორჯერ აცხადებს.
2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველი კონკურსი 2014 წლის 3 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა, რომლის შედეგადაც 10 კონკურსანტის სწავლა დაფინანსდა.
განათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე ხორციელდება საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა, რომელიც უცხოეთის უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის კონკურსის წესით დაფინანსებას გულისხმობს; ასევე, ცენტრი ახორციელებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამას, რომელიც, საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას ითვალისწინებს.
უახლოს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 87 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა. 

government.gov.ge
Print