განათლება
"მოიხსნება საკანონმდებლო ჩიხი" - ცვლილება კოლეჯის სტუდენტებისთვის
FaceBook

პროფესიული განათლების საფეხურიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა სკოლაში დაბრუნების გარეშეც უნდა მოხდეს.


საქართველოს მთავრობის ამ წინადადებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს. მისი განხილვა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა, თუმცა ის ჯერ საკანონმდებლო ორგანოში შეტანილიც არ არის.

ახალი ინიციატივით, კოლეჯის შემდეგ ნებისმიერ სტუდენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა სკოლაში დაბრუნებისა და ზოგადი ან არასრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე შეეძლება.

ინიციატივას კოლეჯის კურსდამთავრებულები და ექსპერტები დადებითად აფასებენ. თუმცა, ის ნელი ტემპით მიმდინარეობს, აღნიშნავენ ექსპერტები. საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს რომ წარმოადგენდა პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება ამაზე ჯერ კიევ 2013 წელს საუბრობდნენ.


საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშს მიაჩნია, რომ ახალი ინიციატივა პროფესიული განათლების ავტორიტეტს გაზრდის და ზედმეტ ბიუროკრატიულ ბარიერებს აღმოფხვრის. თუმცა, ხარისხის მიღებას ხუთი წლის პერსპექტივაში ელოდებიან.


"ამ ინიციატივას მხარს აუცილებდ დავუჭერთ, ოღონდ სამუშაო პროცესი წინ გვაქვს. ამით მოიხსნება ის საკანონმდებლო ჩიხი, რომელიც პროფესიული სასწავლებლების კურსდამთვარებულებს ექმნებოდათ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად“, - ამბობს მარიამ ჯაში.


ანა ცაავა პროფესიით ექთანია. ის ახლა ქუთაისის ერთ–ერთ საავადმყოფოშია დასაქმებული. სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ ჩვენგან გაიგო. ამბობს, რომ ეს კარგი შანსია მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს.


„ძალიან მომწონს ჩემი საქმე, მაგრამ რაც მუშაობა დავიწყე მის მერე აღმოვაჩინე რომ ამაზე არ უნდა გავჩერდე და უფრო მეტი შემიძლია, რადგან როგორც კოლეგები მეუბნებიან მაქვს ამის შესაძლებლობა“, – ამბობს ექთანი, ანა ცაავა.



განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ექსპერტ, ლაშა მელაძის თქმით, საკითხი, როგორც პროფესიული განათლების შემაფერხებელი ფაქტორი, დიდი ხანია დღის წესრიგში იდგა.  მისი თქმით, ჩაბარების მსურველს თუ მოეხსნება ის პრობლემა, რომ მას არ დასჭირდება ზოგადი განათლების ან არასრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.


რაც შეეხება, პროფესიული განათლების ხარისხს ლაშა მელაძის თქმით, ამ კუთხით სამუშაო ისევ ბევრია. ის ამბობს, რომ ის პრობლემები უნდა აღმოიფხვრას, რომელიც პროფესიული განათლების სფეროში არსებობს. მისი თქმით, პროფესიულ კოლეჯებში ლექტორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის დაბალი დონე შეიმჩნევა. ამიტომ, მისივე განმარტებით, საჭიროა მათი გადამზადება, რათა სტუდენტები საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით იყვნენ აღჭურვილნი.


ის, აგრეთვე, ამბობს, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რათა ის  უფრო პრესტიჟული უნდა გახდეს.


„დაახლოებით, ისეთივე პრესტიჟული უნდა იყოს, როგორიცაა ახლა უმაღლესი განათლება. უმაღლესი განათლების მიმართ კი ასეთი დიდი მოთხოვნა არ უნდა იყოს“, - ამბობს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენელი, ლაშა მელაძე.


მისივე თქმით, პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა მრავლადაა, თუმცა ის თბილისში უფრო ჭარბობს, ვიდრე რეგიონებში. ამიტომ ის ამ მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას ხედავს.


„ახალგაზრდებს რეგიონებიდან ხშირად უწევთ ჩამოსვლა თბილისში, რადგან მათ ქალაქში ასეთი სპეციალობა არ არის, ამიტომ ამ კუთხით სამუშაო ბევრია. როგორც მაქვს ინფორმაცია დაწყებულია ამაზე მუშაობა, მაგრამ ის ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც შემაფარხებელია“, - ამბობს ექსპერტი, ლაშა მელაძე.


რაც შეეხება, ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილებას, ლაშა მელაძის განმარტებით, ევროპაში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზეა საუბარი.


„განსხვავებული პრაქტიკები არსებობს. თუმცა, ყველაზე გავრცელებული და დადებითად შეფასებული პრაქტიკა, შეიძლება ითქვას, ეს არის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებები, პრაქტიკული უნარების ათვისება, რათა სტუდენტებს შეეძლოთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება“, - ამბობს ლაშა მელაძე.


მისივე თქმით, პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს სწავლის პარალელურად დასაქმების შესაძლებლობა აქვთ, რაც ეკონომიკურ ზრდასაც უწყობს ხელს.

Print