განათლება
არჩევანი სურვილის საწინააღმდეგოდ
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა ფაკულტეტებზე არსებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები, აბიტურიენტთა პროფესიულ არჩევანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

უფასო ფაკულტეტებზე მოთხოვნა იმ სტუდენტების მხრიდანაა, ვისაც საფასურის გადახდა არ შეუძლიათ.

ლია ანდრიაძე სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის მე–3 კურსის სტუდენტია. ის ამბობს, რომ ფილოლოგია თავიდანვე აინტერესებდა, თუმცა მის გადაწყვეტილებაზე ეს პროფესია შეესწავლა, დაფნინანსების საკითხმა გავლენა მოახდინა.

"2 250 ლარი არც თუ ისე იოლი საშოვნელია, ამიტომ არ მინდოდა ოჯახს ტვირთად დავწოლოდი. თან მშობლიური ენის სიყვარული და დაფინანსებაც დაემთხვა ერთმანეთს, რის გამოც ჩავაბარე ამ მიმართულებაზე,"– ამბობს ლია ანდრიაძე.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ფოფხაძე აღნიშნავს, რომ უსახსრობისა და სწავლის გაგრძელების სურვილის მიზეზით, აბიტურიენტთა დიდ ნაწილს ხშირად საკუთარ მოწოდებაზე უარის თქმა უხდებათ.

"ბევრმა ჩემმა თანაკურსელმა თავის სურვილზე უარი თქვა. მათ სულ სხვა პროფესიის დაუფლება სურდათ, თუმცა ფინანსების გამო, აირჩეს სახელმწიფოს მიერ დაფინსებული მიმართულება,"–აღნიშნავს სალომე ფოფხაძე.

ისტორია, ქართული ფილოლოგია, არქეოლოგია, მათემატიკა, ბილოგია, ფიზიკა, დაწყებითი განათლება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, მშენებლობა, აგრონომია, აგროინჟინერია, აგრონედნეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია, ექსპერტიზა და სასურსათო ტექნოლოგიები – ეს ის სპეციალობებია, რომლებიც ამ დროისთვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსდება.

დაწესებულების სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ დაფინანსებულ პროგრამებზე აბიტურიენტთა მხრიდან მოთხოვნა და კონკურენცია დიდია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს ფიზიკის სპეციალობა სტუდენტთა საკმარისი კონტინგენტით ვერ შეივსო.

"დანარჩენი ჯგუფები სტუდენტებით დაკომპლექტებულია. მათი რაოდენობა, ამა თუ იმ პროგრამაზე დაშვებულ კონტინგენტზეა დამოკიდებული, რომელიც ყველა სპეციალობაზე ერთნაირი არაა. მაგალითად, ისტორიაზე 60, ენერგეტიკაზე 75, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე 135 სტუდენტი ირიცხება," – აცხადებს სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, იმერი ბასილაძე.

წერეთლის უნივერსიტეტში დაფინანსებული პროგრამები 2013 წლიდან მოქმედებს. გაიზრდება თუ არა მათი რიცხვი მომავალი სასწავლო წლიდან, უნივერსიტეტში ჯერჯერობით არ იციან.

მიმდინარე წელს უფასო პროგრამით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში 854 სტუდენტი სწავლობს. 2013-2014 სასწავლო წლიდან ამ დრომდე კი ამ პროგრამებით სულ 2 330 სტუდენტმა ისარგებლა.

Print