ახალი ამბები
საზღვარგარეთ სწავლის უფასო პროგრამებზე განაცხადები მაისის ბოლომდე მიიღება
FaceBook
"დაფინანსება მოიცავს, როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს."



ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "განათლების საერთაშორისო ცენტრის" წარმომადგენლებმა 2016-2017 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამები წარმოადგინეს, რაც უცხოეთში სწავლის დაფინანსებას გულისხმობს.

საერთაოშორისო სამაგისტრო/სადოქტორო და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების სასტიპენდიო პროგრამების მიზანია მაღალკვალიფიციური, აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადება.

სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, უცხო ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხება პირი, რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის აკადემიური ხარისხი, ასევე, რომელიც სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან უკვე ირიცხება უცხოეთის უნივერსიტეტში და ითხოვს მომდევნო სასწავლო წლის დაფინანსებას.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გულისხმობს სწავლების დაფინანსებას საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის.

კონკურსი სამ ეტაპიანია, რომელიც მოიცავს დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადების შინაარსობლივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრებას.

სამაგისტრო/სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განცხადებების მიღება "განათლების საერთაშორისო ცენტრში" მიმდინარე წლის 25 აპრილიდან დაიწყო და 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

"სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს უცხოეთში სწავლის დაფინანსებას, რისთვისაც საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირთათვის, ხოლო ორი წლის სამუშაო სტაჟი სადოქტორო პროგრამით დაინტერესებულთათვის. ასევე, სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილები. რაც შეეხება დაფინანსებას, ის გაიცემა როგორც სრულიად, ასევე, ნაწილობრივ და მოიცავს, როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს," - ამბობს პროგრამის კოორდინატორი, ნინო სულავა.

სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი სპეციალობები: მენეჯმენტი, საჯარო მმართველობა, არქიტექტურა, სამართალი, ინჟინერია, ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებანი.


თეონა წითაძე
Print