განათლება
ელექტრონული ბიბლიოთეკა წერეთლის უნივერსიტეტში, რომელზეც სტუდენტებმა ნაკლებად იციან
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა მკითხველებს ელექტრონულ ბაზებს მე-5 წელია სთავაზობს.

თუმცა, სტუდენტებს ელექტრონული ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ხოლო ლექტორ-მასწავლებლები მის დახვეწაზე მიუთითებენ.

"ქუთაისიპოსტის" მიერ გამოკითხული 30 სტუდენტიდან მხოლოდ ორი მათგანი ამბობს, რომ იცის უნივერსიტეტში ელექტრონული ბიბლიოთეკის არსებობის შესახებ, დანარჩენის თქმით ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.

"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტს ხშირად ვსტუმრობ, "საბაზეც" ვკითხულობ ჩემთვის საინტერესო მასალებს, მაგრამ წერეთლის უნივერსიტეტის ონლაინ ბიბლიოთეკის არსებობის შესახებ არც ვიცოდი,"- ამბობს უნივერსიტეტის სტუდენტი, ნათია კაპანაძე.

წერეთლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის ლექტორი, ნანა შენგელია სტუდენტებისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბიბლიოთეკით ლექტორებიც სარგებლობენ, თუმცა ის 100 %-ით ათვისებული არაა.

"100 %-ით ათვისებული არაა, მაგრამ რაც მთავარია სერვისი შეთავაზებულია. აქ ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც საჭიროებს დახვეწას," -ამბობს ნანა შენგელია.

წერეთლის უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ირწმუნებიან, რომ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, ლიტერატურასთან ერთად, მოსარგებლეთა რაოდენობამაც მოიმატა.

"დაახლოებით, მილიონ ერთეულამდე ბეჭდური წიგნი გაგვაჩნია. ასევე, ძალიან დიდი დიაპაზონი გვაქვს ელექტრონული რესურსების. მაგალითად, ScienceDirect-ი 1 700 000 ერთეული წიგნია გაციფრული, უშუალოდ ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქტი. მოთხოვნიდან გამომდინარე და ძველი წიგნების გაციფროვნების კუთხით თუ ვიმსჯელებთ, 1000-მდე ლიტერატურა ირიცხება. გარდა ამისა, ნაყიდი გვაქვს აუდიო დისკებიც," - აცხადებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი ჭიჭინაძე.

ამასთანავე, გიორგი ჭიჭინაძე განმარტავს, რომ წერეთლის უნივერსიტეტის ონლაინ ბიბლიოთეკა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, სადაც ყველა სპეციალობის სტუდენტს, ქართულთან ერთად უცხოენოვანი მასალებით სარგებლობა შეუძლია. სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურის გარდა, ელექტრონულ ბაზაში არსებობს მხატვრული ლიტერატურაც.

ამ დროისთვის ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა მხოლოდ უნივერსიტეტის შიდა ქსელში ჩართული კომპიუტერებიდაა შესაძლებელი.
ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობას ნებისმიერი მკითხველი სახლიდან გაუსვლელად შეძლებს.


Print