განათლება
აზროვნება კინოს საშუალებით - „კინომისია“ საჯარო სკოლებში
FaceBook

"მე ვნახე ბევრი ისეთი ფილმი, რომელსაც ვერასოდეს ვნახავდი, რადგან არაფერი ვიცოდი მათ შესახებ", - ამბობს პროექტ "კინო სკოლაში" მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლე.


"ისეთ ფილმებს" ანუ კინოკლასიკას, უკვე სამი წელია საქართველოს სკოლებში პროექტ "კინო სკოლაში" საშუალებით აჩვენებენ. სადღეისოდ, პროექტში 189 სკოლაა ჩართული. პროექტი გულისხმობს სკოლებში ყოველკვირეულად ფილმების ჩვენებებისა და დისკუსიების ორგანიზებას.

კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა პროექტის "კინო სკოლაში" საპილოტე ვერსია 2013 წელს განახორციელა. მაშინ პროექტში მხოლოდ 40 სკოლა იყო ჩართული. სასკოლო კინოჩვენებებმა მალე მოიპოვა პოპულარობა და სკოლების რიცხვი მოკლე დროში გაიზარდა.

პროექტი ჯერჯერობით არ მოქმედებს დედაქალაქის სკოლებში და მხოლოდ რეგიონების სასწავლებლებს მოიცავს. მაგალითად, მასში იმერეთის რეგიონის 45 სკოლა მონაწილეობს.

"პროექტის მონაწილეებს საშუალება აქვთ ნახონ ფსიქოლოგების, კინოსპეციალისტების და განათლების ექსპერტების რეკომენდაციით შერჩეული ქართული და უცხოური კინოკლასიკა, ასევე თანამედროვე ფილმები",- აღნიშნავს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონალური პროექტების მენეჯერი, თეა გაბიძაშვილი.

პროექტის მონაწილე ბავშვები მიუთითებენ, რომ ფილმები მათთვის იქცნენ ბევრი სიახლის მომწოდებლებად და ინფორმაციის გამავრცელებლებად.

"კინოდან ბევრი საინტერესო ფაქტი და მოვლენა გავიგე, ბევრიც ვისწავლე. ძალიან საინტერესო იყო ყველა ფილმი, რასაც ვუყურე. ყველაფერი რაც ამ პროექტის ფარგლებში ხდებოდა საკმაოდ სასიამოვნო და შთამბეჭდავი იყო", - მიაჩნია ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, მარი კეზევაძეს.

ჩვენებებს კინოსპეციალისტები ე.წ. კინომისიონერები ატარებენ, რომელთა "მისია" ფართო გეოგრაფიაზე ვრცელდება და ბევრ სოფელსაც მოიცავს.

"ეს კინოპროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ჩვენ შევდივართ სოფლებში, "მიკარგულ" სკოლებშიც გვიწევს ბავშვებთან ურთიერთობა", - აღნიშნავს პროექტის მონაწილე ხელოვნებათმცოდნე, ნატალი პატარიძე.

პროექტში ჩართული "კინომისიონერები" საუბრობენ კინოგაკვეთილების უპირატესობაზე, რაც ფილმების ჩვენება/დისკუსიებს სხვა სასკოლო დისციპლინებთან შედარებით აქვთ.

"კინოს საშუალებით ბავშვებთან გვიწევს ისეთ თამამ თემებზე საუბარი, რაზეც არა აქვთ წვდომა, ვთქვათ ქართულის, ან სხვა გაკვეთილებზე. ზოგადად, თავისუფალი აზროვნება და თავისუფალი ნება არის ყველაზე ღირებული რამ, რასაც ასწავლის კინო. მითუმეტეს, მე-20 საუკუნეში კინომ გახსნა ყველანაირი საზღვარი. ამასთან შეხების საშუალება აქვთ ბავშვებს, ვითარდებიან, სურვილი უჩნდებათ იმსჯელონ სხვადასხვა საკითხებზე," - ამბობს ნატალი პატარიძე.

მისი თქმით, კინოს გაკვეთილები შეიძლება ისეთ მნიშვნელოვან "სასკოლო"საკითხებს შეეხოს, რაზეც ბავშვებს ინფორმაცია მანამდე არ ქონდათ.

"მაგალითად, ბულინგის პრობლემაზე პირველად ჩემგან გაიგეს ბავშვებმა, მერე ფილმებიც ნახეს და მიხვდნენ, რომ ბულინგი ცუდია და მას მათი თანატოლებისთვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია", - აღნიშნავს ნატალი პატარიძე.

კინოს გაკვეთილები იმითაც განსხვავდება სხვებისგან, რომ აქ არჩევანის საშუალება შემოდის. მოსწავლეს უფლება აქვს გაკვეთილს არ დაესწროს თუკი არ აინტერესებს, რაც იმის შესაძლებლობას აჩენს ჩვენებები მხოლოდ დაინტერესებულებმა ნახონ, შესაბამისად კინოგაკვეთილებს შედეგი ქონდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. პირველ რიგში, ბავშვები ეზიარებიან კინოს და მხოლოდ კომერციული, ნაკლებად ხარისხიანი პროდუქციით არ შემოიფარგლებიან. ისინი, ასევე, ეჩვევიან მსჯელობას და კამათს ნანახი ფილმის ირგვლივ. რაც მთავარია, ჩვენება ნებაყოფილობითია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ესწრებიან მეცადინეობას, თუკი ეს მართლა სურთ", - აღნიშნავს "კინომისიონერი", მხატვარი ლია უკლება.

კინოცენტრში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა 2013 წელს სპეციალური კვლევის ჩატარების შემდეგ, მოამზადა რეკომენდაციები გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა სკოლაში კინოგანათლების შეტანას, როგორც არაფორმალური განათლების, რაც ახალ თაობას განუვითარებს აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების გაანალიზების უნარს.

"ჩვენ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ ყოველგვარი რეკომენდაციის გარეშე საქართველოში დაიწყო პროექტი "კინო სკოლაში", რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის სტანდარტთან და მოსწავლეებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა",- აღნიშნავს თეა გაბიძაშვილი.

მიმდინარე წელს პროექტი 21 მარტიდან დაიწყება.

 

Print