განათლება
ქუთაისში, საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატების ტესტირება 14 სკოლაში ჩატარდება
FaceBook
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
დირექტორობის კანდიდატის ელექტრონული რეგისტრაცია უკვე დასრულდა.

განათლების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისში დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას 14 სკოლიდან მიიღებენ.

დირექტორობის მსურველთა ყველაზე მეტი რაოდენობა ქუთაისის №10 საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც 39 განაცხადი შევიდა. შემდეგ მოდის ქუთაისის №9 საჯარო სკოლა, სადაც დირექტორობა 28 ადამიანს სურს. ქუთაისის №21 საჯარო სკოლაში 24 განაცხადი შევიდა, ქუთაისის №8 საჯარო სკოლაში - 20, №38 სკოლაში - 17, ქუთაისის №34 საჯარო სკოლაში - 13,  №5 სკოლაში კი - 12 განაცხადი.

11-11 პირს სურს ქუთაისის №17, №24 და გოქაძის სახელობის №22 საჯარო სკოლის დირექტორობა. 8-8 პირს კი ქუთაისის №4 და №30 საჯარო სკოლის დირექტორობა. შემდეგ მოდის ქუთაისის №16 საჯარო სკოლა - 7 განაცხადით. ყველაზე ნაკლები კონკურენცია კი №45 საჯარო სკოლის დირექტორობაზეა, სადაც განაცხადი სამმა პირმა შეავსო.




განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევის კონკურსის ტესტირების საგამოცდო პროგრამა საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს ითვალისწინებს. ტესტირების წარმატებით გავლისათვის დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს (48 ქულა) შეადგენს. მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს კი უფლება აქვს კონკურსში პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე, ტესტირების გავლის გარეშე, ჩაერთოს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთსა და იმავე საჯარო სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით დირექტორის თანამდებობა 1220 სკოლაშია ვაკანტური. ქვეყანაში სულ 2086 საჯარო სკოლაა.

Print