განათლება
უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა სამწლიანი გახადონ
FaceBook
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, სტუდენტებს უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ.

"ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამწლიანი პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი ერთობლივი საერთაშორისო პროგრამის განხორციელებას საქართველოში. სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას. შედეგად, ყველა უნივერსიტეტის ჩართულობით, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება, რომ სხვა პროგრამებსაც შეეხოს ცვლილება და საქართველოში კიდევ უფრო მეტი 180-კრედიტიანი პროგრამა განხორციელდეს",- განმარტავენ განათლების სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მიღებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც უნივერსიტეტებს მისცემს საშუალებას, 1-წლიანი (60-კრედიტიანი) სამაგისტრო პროგრამები განახორციელონ. 

Print