განათლება
ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 4 მარტს დაიწყება
FaceBook
2024 წლის ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 მარტს, 10:00 საათზე, დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. 
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ნინო წერეთელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგისტრაციის მსურველებმა აუცილებელია, გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა შეძლონ.

რეგისტრაცია online.naec.ge იქნება შესაძლებელი, მანამდე კი რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge უნდა ეწვიონ.

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია: ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები.

"ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ შეუძლიათ სასურველი რაოდენობის იმ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, რომელზეც მათ მიერ არჩეული საგნები ბარდება",- განმარტავენ საგამოცდო ცენტრში. 

საგამოცდო ცენტრები წელს კვლავ თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში გაიხსნება.



Print