განათლება
ქუთაისელი პედაგოგი კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" გამარჯვებული გახდა
FaceBook
ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ფიქრია ხაჭაპურიძე მასწავლებლების კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში"  გამარჯვებული გახდა.
მან პირველი ადგილი საბაზო საფეხურის კლასებისათვის წარმოდგენილი ნამუშევრისათვის მიიღო.

კონკურსში მონაწილე სხვადასხვა სკოლის 65 მასწავლებლიდან ფინალურ ეტაპზე 20 მასწავლებელი გადავიდა. ფინალისტებმა თავიანთი ნამუშევრები დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურის წინაშე წარადგინეს, სადაც კონკურსით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმებით შეფასდნენ.

საბოლოოდ ჟიურიმ 5 სპეციალური პრიზის, ორი II ადგილისა და სამი I ადგილის მფლობელები გამოავლინა.

მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა, რომლის პირობების თანახმად, დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ.

კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ფინანსური წიგნიერების საკითხებზე დამხმარე სასწავლო მასალების შექმნასა და საბოლოოდ მოსწავლეებში ამ საკითხების ეფექტურად სწავლების ხელშეწყობას.

Print