ახალი ამბები
წყალტუბოს სოფელ ქვიტირის სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის პედაგოგი კახაბერ ჩაკვეტაძე წლის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.
მას მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, შესაბამისი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადასცეს.

„მისი პედაგოგიური საქმიანობა შეგვიძლია ასე დავახასიათოთ: შთაგონება, მოტივაცია, პოზიტიური ცვლილებები, კოლეგიალობა. არის მოსწავლეების უფროსი მეგობარი და მათი იდეების მუდმივი მხარდამჭერი. მისი მოსწავლეების ინიციატივით, სკოლის წინ მოეწყო ზებრა გადასასვლელი და სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბორცვები. ასევე მუშავდება არაერთი იდეა. მათ შორის, სკოლის მომიჯნავედ არსებული ტყის დასასვენებელ სივრცედ მოწყობა. იგი არა მარტო მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების დიდი ქომაგი და მათი პროფესიული განვითარების მხარდამჭერია“,
- აღინიშნა  დაჯილდოების ცერემონიაზე.

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლის თერთმეტი საუკეთესო პედაგოგი დაასახელა. მათ სამკერდე ნიშნები და 10-ათასლარიანი ჯილდო გადაეცათ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, საქართველოში, 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სამინისტრო, ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გამოავლენს და მათ მასწავლებლის ეროვნულ პრემიას– სპეციალურად შექმნილ სამკერდე ნიშანსა და ფულად ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით გადასცემს.


Print