ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 5554 ადამიანს სტუდენტის სტატუსი აქვს შეწყვეტილი
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, სტუდენტის სტატუსი 5554  პირს აქვს შეჩერებული, მათი ჯამური დავალიანება  3 მილიონ ლარამდეა.
უფრო კონკრეტულად, 4517 ბაკალავრიატის, 466 ერთსაფეხურიანი პროგრამების, 448 მაგისტრატურის, 123 კი დოქტორანტურის სტუდენტია. ასევე,  სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან  უცხოეთის მოქალაქეა 93 ადამიანი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომელიც ჯერ კიდევ 15 სექტემბერს გახდა ცნობილი, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს გადასახადები ჩამოეწერებათ და სწავლის გაგრძელებას უპრობლემოდ შეძლებენ. საუბარია ჯამში 30 ათასზე მეტ ადამიანზე და 40 მილიონი ლარის ოდენობის თანხაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული.

"საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც, 2023 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი აქვთ შეჩერებული; სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული ხუთი წელი. ყველა უნივერსიტეტს სტატუსშეჩერებული სტუდენტის აღდგენის რაოდენობის ფარგლებში დაემატებათ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა, რათა არ შეექმნათ პრობლემა მათთვის მონიჭებული სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კვოტებთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ამილახვრმა. 

მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დავალიანებაში მყოფ სტუდენტებს თანხის გადახდა არ მოუწევთ; რაც შეეხება კერძო მიმართულებას, გიორგი ამილახვრის ინფორმაციით, კერძო უნივერსიტეტებს დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურებას შესთავზეს, რასაც ორი უნივერსიტეტის გარდა ყველა დათანხმდა.

კონკრეტულად როდის გაუნულდებათ დავალიანებები სტუდენტებს, ჯერ კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. 





Print