ახალი ამბები
"მხოლოდ 2 მოსწავლე დაგვრჩა" - მცირეკონტინგენტიანი სკოლები იმერეთში
FaceBook
წყალტუბოს რაიონის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლაში დღეს ზარი მხოლოდ 2 მოსწავლისთვის დაირეკა.

მეორე კლასელი ლუკა და მესამე კლასელი გაბრიელი ამ სკოლის ერთადერთი იმედია, რადგან, მათზეა დამოკიდებული იფუნქციონირებს თუ დაიხურება სკოლა, რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში განათლების კერას წარმოადგენდა. სოფელი ყოველწლიურად იცლება, ყოველწლიურად იკლებს საჩხეურის სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაც. შარშან ამ სკოლაში 6 ადამიანი სწავლობდა, წელს ეს ციფრი 2-მდე შემცირდა.

სკოლის დირექტორი გოჩა ძნელაძე არსებულ ვითარებას მიგრაციას უკავშირებს და სკოლის მხრიდან მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე ამახვილებს ყურადღებას.

,,ჩვენი ბიუჯეტით, ერთ პირთან მოლაპარაკებით, სკოლაში რემონტი გავაკეთეთ, რაც 5000 ლარამდე დაგვიჯდა. ასევე, გამოცხადებული გვქონდა 10 000 ლარიანი და 7 000 ლარიანი ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც საკლასო ოთახები და ბიბლიოთეკა გავარემონტეთ. ზამთარში თუნუქის ღუმელებით ვთბებით. ვცდილობთ, ჩვენს მოსწავლეებს სათანადო გარემო შევუქმნათ, მაგრამ სკოლა მაინც იცლება, რადგან მაღალმთიან სოფელში ცხოვრება არავის სურს და ოჯახები საცხოვრებლად ქალაქში გადადიან", - -ამბობს დირექტორი გოჩა ძნელაძე.

საჩხეურის სკოლის მსგავსად, მცირეკონტინგენტიანია ჭიათურის რაიონის სოფელ მორძგვეთის საჯარო სკოლაც, სადაც მხოლოდ 3 ბავშვი სწავლობს. წინა წელს სკოლაში 6 მოსწავლე იყო, მაგრამ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

მორძგვეთის სკოლას ახლდარეაბილიტირებული სტადიონი, გარემონტებული ბიბლიოთეკა და თანამდეროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები აქვს. ზამთარში შეშის ღუმელებით თბებიან. მოსწავლეებს ბუნების გაკვეთილები ღია სივრცეში უტარდებათ, რათა თეორიული მასალა პრაქტიკაშიც აითვისონ; ეწყობა ლაშქრობებიც... მიუხედავად ამისა, მორძგვეთის სკოლაში სულ უფრო და უფრო მცირე რაოდენობის მოსწავლე რჩება.

სკოლის დირექტორი მაია ბარჯაძე საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას გულისტკივილს ვერ მალავს. ის ამბობს, რომ სკოლა მოსწავლეების შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს, მაგრამ კლების დინამიკა მაინც ვერ აკავებენ. 

,,ერთი მოსწავლე მე-4 კლასელია, ორი -მე-6 კლასში სწავლობს. ვასწავლით ყველა საგანს, რაც შეიძლება ამ ასაკის მოსწავლეებს ასწავლო. ყველა საგნის მასწავლებელი კვალიფიციურია, გარდა სპორტისა. სპორტის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას პერიოდულად ვდებ, მაგრამ რადგან სკოლა მცირეკონტინგენტიანია, არავინ ინტერესდება. გული მტკივა, რომ მოსწავლეები ყოველწლიურად გვტოვებენ. ჩვენს სკოლაში რომ შემოხვალ, სტენდები დგას, რომლებზეც მთელი ჩვენი საქმიანობაა ასახული. საერთოდ რომ არაფერი ვთქვათ, კედლები გეტყვიან სათქმელს. მეტირება, როცა ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას ვხედავ,’’-ამბობს მაია ბარჯაძე.





იმერეთში, ჯამში 15 მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, სადაც 10-ზე ნაკლები მოსწავლე სწავლობს, აქედან: ბაღდათის რაიონში - 1, ვანში - 4, სამტრედიაში - 2, საჩხერეში - 2, წყალტუბოში - 3, ჭიათურაში - 1, ხოლო ხონში - 2 სკოლა.
Print