განათლება
ატესტატების გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება
FaceBook
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატესტატების გაცემას 3 ივლისიდან დაიწყებს.

სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში შეძლებენ.

აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი შესაბამისი საფასურია დაწესებული.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაა შესაძლებელი. ელექტრონული ატესტატი ორიგინალი დოკუმენტის ასლია, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

„დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი.

აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს“,- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს სკოლა 47 306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.

Print
თეგები: #ატესტატი