განათლება
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 892 პედაგოგი წარადგინეს
FaceBook
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე აპლიკაციების მიღება დასრულდა.
სულ 102 განაცხადია შესული, წარდგენილია 892 მასწავლებელი.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების ტექნიკური შემოწმება და შემდეგ ეტაპზე გადასული ყველა აპლიკანტი შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე მაისის ბოლოს მიიღებს.

განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები არიან.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებ-გვერდზე მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი. მასწავლებლების წარდგენა ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს შეეძლოთ.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითიც მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას დაედო საფუძველი.

Print