განათლება
სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლად წყალტუბოს სკოლის პედაგოგი დასახელდა
FaceBook
იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლად წყალტუბოს სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო კახნიაშვილი დასახელდა.

როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე აღინიშნა, „პედაგოგმა, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამოქალაქო განათლების კლუბთან თანამშრომლობით, სკოლის ახლოს სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერისა და ზებრა გადასასვლელის მოწყობა უზრუნველყო. გარდა ამისა, მისი მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი "სკოლის მართვა და მოსწავლეთა თვითმმართველობა".

პედაგოგისთვის აქტუალურია მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით მან განახორციელა პროექტი "კიბერსივრცის გამოწვევები", რომლის ფარგლებშიც მოხდა მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების ინფორმირება.

პედაგოგი სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად. შექმნა კომპლექსური დავალებები, სამუშაო რვეულები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთათვის ადაპტირებული კურიკულუმი“.

"ძალიან ემოციური ფონია, არ ველოდი ნამდვილად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში USAID სამოქალაქო განათლების პროგრამას, ასევე მადლობა ჩემს მოსწავლეებს. მნიშვნელოვანია ის, ხვალ როგორ მოქალაქეებს გაუშვებ სკოლიდან. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც აქ იმყოფება და ნამდვილად დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს დღევანდელ წარმატებაში - ჩემი დემოკრატიული სკოლის დირექტორს ქალბატონ ნინო წილოსანს, ჩემს ექსპერტს ნანა მარღანიას, რომელიც მოქალაქეობის ახალი მოდელის ფარგლებში, კვალდაკვალ მეგზურობას მიწევდა და ჩემი სკოლის მოდელ მასწავლებელს თეა სამხარაძეს, ვის გამოც მე ეს პროფესია ავირჩიე“,- განმარტა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო კახნიაშვილმა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა, USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში წელს მეათედ გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები გამოავლინეს. გამარჯვებულებს ჯილდოები აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.

Print