განათლება
ქუთაისის 33-ე სკოლის მასწავლებელი სამოქალაქო განათლების წლის წარმატებულ პედაგოგად დასახელდა
FaceBook
იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების წლის წარმატებული პედაგოგი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ფიქრია ხაჭაპურიძე გახდა.

მას სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე შესაბამისი სიგელი და ჯილდო გადასცეს.

"ფიქრია ხაჭაპურიძე აქტიურად უჭერს მხარს მოსწავლეთა მოხალისეობრივ ინიციატივებს. ერთ-ერთი ინიციატივით, ადმინისტრაციამ გამოყო სივრცე სასკოლო აქტივობების ორგანიზებისთვის, კლუბმა მოიძია საჭირო რესურსები და შეძლეს აღნიშნული სივრცის კეთილმოწყობა.

მისი ხელმძღვანელობით სკოლაში განხორციელებულია პროექტი "ბულინგის პრევენცია მოზარდებში". პედაგოგმა უზრუნველყო მოსწავლეთა მხარდაჭერა აღნიშნული საკითხის გარშემო სასკოლო საზოგადოების განწყობების კვლევის მიმართულებით, რითიც გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება და ცნობიერების ამაღლება ბულინგთან დაკავშირებით.

პედაგოგი ასევე ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობას. მოზარდებში ტოლერანტობისა და თანაგრძნობის განვითარების მიზნით, მოსწავლეები თანამშრომლობენ შშმ ბავშვთა დღის ცენტრთან, მათთვის აწყობენ საქველმოქმედო ღონისძიებებს",- აღინიშნა ღონისძიებაზე დაჯილდოებისას. 

ამავე კონფერენციაზე, იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წლის საუკეთესო მეურვედ სოფელ კორბოულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა სისნაძე დასახელდა.

ღონისძიებას, საქართველოს ყველა რეგიონიდან, 200-მდე სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ესწრებოდა. გამარჯვებულებს ჯილდოები აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა USAID-ის მხარდაჭერით საქართველოში წელს მეათედ გაიმართა.
Print