განათლება
ცუცხვათის სკოლის პედაგოგი შვეიცარიაში, სასწავლო ვიზიტით, გაემგზავრება
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ღვინიანიძე შვეიცარიაში, "CERN"-ში, გაემგზავრება.

მან „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი.

თეა ღვინიანიძე ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN-European Organization for Nuclear Research) ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის.

სტაჟირება 2023 წლის 26 მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.

საჯარო სკოლების მასწავლებლების სტაჟირება „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ სრულად დაფინანსდება, კერძო სკოლების პედაგოგებისას კი - მათივე სკოლა დააფინანსებს.

სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას სკოლებში.

"CERN"-ი  მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წარმოადგენს, რომელიც მეცნიერებს წარუდგენს სხვადასხვა შესაძლებლობას კვლევების ჩატარებისათვის ექსპერიმენტალური და თეორიული ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში.

თეა ღვინიანიძე გელათის საჯარო სკოლაშიც ასწავლის.


Print