განათლება
"საქართველოში 21 000 მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000 სკოლა კი დირექტორის გარეშეა დარჩენილი"
FaceBook
საქართველოში 21 000 მოსწავლე იძულებულია სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000 სკოლა კი დირექტორის გარეშეა დარჩენილი - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

ნაცვლიშვილის განმარტებით, განათლების სისტემაში ბევრი გამოწვევაა, მათ შორის არის სკოლების რეაბილიტაცია და დირექტორების დანიშვნის პროცესი.

„ჩემ მიერ განხორციელებული მოკვლევის საფუძველზე, ოფიციალური ინფორმაციით, დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით, ახალი სასწავლო სემესტრის პირობებში, 21 000 მოსწავლე საქართველოში ვერ მიდის საკუთარ სკოლაში და იძულებულია, სხვა სკოლაში შეხიზნულმა გააგრძელოს სასწავლო პროცესი. 2 000 სკოლას ამ დროისთვის არ ჰყავს დირექტორი. ეს სკოლები იმართება განათლების მინისტრის მიერ ერთპიროვნულად, გაურკვეველი ვადით, გაურკვეველ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შერჩეული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებით, რომლებიც დანიშნეს და ნებისმიერ დროს შეიძლება ერთპიროვნულად მინისტრმა მოხსნას ისე, რომ საერთოდ არც დაასაბუთოს, ან რატომ დანიშნა ეს ადამიანები თავის დროზე ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ან რატომ ათავისუფლებს.

აქ არის ორი საკითხი: ერთი, ეს არის სასკოლო შენობების რეაბილიტაცია, რომელიც ეფექტიანად არ ექვემდებარება კონტროლს და ზედამხედველობას. რეაბილიტაციის პროცესები არის გაჭიანურებული, ამით კი ზიანდებიან ბავშვები. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მთელ რიგ სკოლებში, იმის გამო, რომ შეხიზნული არიან სხვა სკოლის შენობებში და ვერ იტევს შენობები ბავშვებს წესიერად, სასწავლო პროცესი არის სერიოზული ხარვეზების ქვეშ. მათ შორის, ფიზიკურად საერთოდ არ დადის ზოგიერთი ბავშვი და თითქოს ონლაინ რეჟიმია შენარჩუნებული. ამ ხარისხის სწავლამ რა სიკეთე უნდა მისცეს ამ ბავშვებს და რა განათლებით უნდა გამოვიდნენ ისინი სკოლებიდან, ეს განსაჯოს თავად საზოგადოებამ. მშობლები ამაზე ძალიან ღელავენ, ასევე ამაზე ძალიან ღელავენ მასწავლებლები. მე მივმართე განათლების სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, აუდიტის სამსახურს წინადადებით, რომ წელს სკოლების რეაბილიტაციის პროცესი დაექვემდებაროს აუდიტირებას და ჩვენ გვქონდეს მკაფიო ინფორმაცია, რადგან აქ შეიძლება იყოს კორუფციის ნიშნებიც, შეიძლება იყოს და ჩანს უკვე ძალიან ხარვეზიანი მართვის პროცესი და ა.შ“, - განმარტავს ანა ნაცვლიშვილი.

მედიის წარმომადგენლებთან ნაცვლიშვილი სკოლების პოლიტიზირების თემასაც შეეხო.

„ჩემ მიერ ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ჩანს, რაზე დგას სკოლების პოლიტიზირება. ეს დგას დირექტორების არ დანიშვნის სისტემაზე. 2020-ში ეს თემა იყო ძალიან ცხელი, მაშინ ფაქტობრივად, ყველა დირექტორს ამოეწურა ხელშეკრულების ვადა. სტატისტიკა შემაშფოთებელია. 2000 სკოლას არ ჰყავს დღეს კანონის განსაზღვრული წესით დანიშნული და არჩეული დირექტორი. ეს არის უდიდესი პრობლემა და 9 სკოლას ჰყავს მხოლოდ. ციფრებიც აჩვენებს, რომ სისტემა არ მუშაობს. ეს არის ხელოვნურად გაჩერებული პროცესი, რას ელოდებიან ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს აკეთონ კომფორტში და ჩრდილში", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.





Print