განათლება
დოსტოევსკი, ჯოისი, მაჰფუზი - ქუთაისის ბიბლიოთეკების მკითხველთა 2015 წლის ფავორიტი ავტორები
FaceBook
ჯამში 2015 წელს ქუთაისის საბიბლიოთეკო ქსელში160 896 წიგნი და ჟურნალი გაიცა.

ქუთაისში 13 ბიბლიოთეკაა, ამათგან ერთია საჯარო, დანარჩენი - საქალაქო ბიბლიოთეკებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ბიბლიოთეკებს 2015 წელს 8873 ვიზიტორი ყავდა.

როგორც ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში აღნიშნავენ, ბიბლიოთეკას ყველა ასაკის მკითხველი სტუმრობს. ამ კუთხით ვერ გამოარჩევენ რომელიმე ასაკობრივ კატეგორიას.

თუმცა არის განყოფილებები საჯარო ბიბლიოთეკაში, რომელთა მომსახურებით მხოლოდ კონკრეტული ასაკის მომხმარებელი სარგებლობს.

"გამორჩეულია იშვიათ გამოცემათა განყოფილება, იქ 25 წელს ზემოთ მკითხველია ძირითადი მომხმარებელი. დასავლური ლიტერატურის საინფორმაციო ცენტრში კი - 40 წლამდე", - ამბობს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ციცი ჯინჯიხაძე.

გარკვეული ასაკის მკითხველთა კატეგორია ფიქსირდება საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის განყოფილებაშიც. ჟურნალ-გაზეთებს 50 წელს ზემოთ მკითხველი ყავს. სხვა ასაკის მკითხველის ნაკლებობას ციფრული ტექნოლოგიების გააქტიურებით ხსნიან, რამაც კონკრეტული ასაკის მკითხველს ინფორმაციის მიწოდების სხვა წყარო გაუჩინა.

სხვა ფავორიტი წიგნი და ავტორები გამოუჩნდა ბიბლიოთეკის მკითხველებს 2015 წელს. თუკი გასულ წლებში ამ ავტორებს თანამედროვე მწერლები წარმოადგენდნენ, მაგალითად, ორჰან ფამუქი, ან პაოლო კოელიო, წელს ეს ინტერესი კლასიკოს ავტორებს ერგოთ.

ბიბლიოთეკარების თქმით, მკითველის ყურადღება ისევ კლასიკას მიუბრუნდა და ფავორიტ ავტორად თეოდორ დოსტოვსკი გამოყო.

დასავლური ლიტერატურის საინფორმაციო ცენტრში მკითხველის ინტერესი ჯეიმს ჯოისს და კონკრეტულად მის ,,დუბლინელებს" ერგო.

სამაგიეროდ, აღმოსავლური ლიტერატურის ცენტრში ყველაზე მეტი მოთხოვნა თანამედროვე არაბ ავტორ ნაჯიბ მაჰფუზის ,,ჩვენი უბნის შვილებს" მიენიჭა.

წიგნის მაღაზიების მსგავსად, პოეზიას იშვიათად ითხოვენ ბიბლიოთეკებშიც. მკითხველები შედარებით აქტიურობენ ქართველოლოგიის განყოფილებაში, სადაც ქართველ კლასიკოს პოეტებზეა მოთხოვნილება. ძირითადად იმ ავტორებზე, რომელთა შემოქმედება სასკოლო პროგრამებშია შეყვანილი.

ჯამში 2015 წელს ქუთაისის საბიბლიოთეკო ქსელში 160 896 წიგნი და ჟურნალი გაიცა. ყველაზე მოთხოვნად ლიტერატურად მხატვრული ტექსტი რჩება, მეორე ადგილს პერიოდული გამოცემები იკავებენ, შემდეგ მოდის ისტორია-გეოგრაფია და ხელოვნება და სპორტი.

მოთხოვნების მიხედვით მეხუთე პოზიციაზეა რელიგიური ლიტერატურა, შემდეგ განათლება, მეშვიდე ადგილს პოლიტიკა იკავებს, რასაც მოყვება ეკონომიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა, ქიმია, ანატომია, ბოტანიკა.

მოთხოვნების მხრივ ბოლო ადგილზეა ფილოსოფია-ფსიქოლოგია.

Print