განათლება
სკოლებში კლასის გაყოფის წესი იცვლება
FaceBook
საქართველოს განათლების მინისტრის ახალი ბრძანებით, მომავალი სასწავლო წლიდან, კლასის გაყოფა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში დასაშვები იქნება სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. ამ დრომდე კლასის გაყოფა „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში“ მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით იყო დასაშვები. ამასთან, ზოგადად, კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება: ა) კომპიუტერული ტექნოლოგიები [იგი ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე] და ბ) ჭადრაკი [ისწავლება I კლასში].

მინისტრის ახალი ბრძანებით ასევე დაზუსტდა, რომ კლასის „გაყოფა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში [არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის] შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენებში – 20-ს“.

ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ „უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით. რაოდენობრივი შეზღუდვა არ ეხება კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, ასევე ჯგუფებსა და განაყოფებს, რომლებიც დაკომპლექტებულია მეორე უცხოური ენების არჩევანის შესაბამისად.“

არის კიდევ ერთი სიახლე: „თუ მეორე უცხოურ ენაში ერთი კლასის ფარგლებში განსხვავებულ არჩევანს აკეთებს ერთი ან ორი მოსწავლე, რეკომენდებულია მეორე უცხოურ ენაში კლასკომპლექტის შექმნა სხვა პარალელურ კლასთან.“.

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებები 2022 წლის 19 აგვისტოს შევიდა.

ახალი ცვლილებით, სასწავლო გეგმას დაემატა საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საშუალო საფეხურისთვის.

მინისტრის ახალი ბრძანების მიხედვით, აღნიშნული საშუალო საფეხურის საათობრივი ბადე X კლასისთვის ამოქმედდება 2022-2023 სასწავლო წლიდან, XI კლასისთვის – 2023-2024 სასწავლო წლიდან, ხოლო XII კლასისთვის – 2024-2025 სასწავლო წლიდან.

Print