ახალი ამბები
მოსწავლეები ექსტერნით გამოცდას აღარ ჩააბარებენ
FaceBook
სკოლის მოსწავლეები ექსტერნით გამოცდას აღარ ჩააბარებენ.
შესაბამისი დადგენილება განათლების მინისტრმა უკვე დაამტკიცა.

დადგენილების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებმაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30 პროცენტი, შეფასდებიან შემაჯამებელი – კომპლექსური დავალებებით.

ახალი დადგენილების მიხედვით მოსწავლე შემაჯამებელი/კომპლექსური დავალებით შეფასდება და მას ექსტერნის გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს.

შემაჯამებელ/კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა“, - აღნიშნულია მინისტრის დადგენილებაში.

დადგენილებაში ასევე საუბარია კოვიდ ინფიცირებულ მოსწავლეებზე.

"2021-2022 სასწავლო წელს იმ მოსწავლეებს, რომელთაც დადასტურებული კოვიდის ინფექციის გამო დათქმულ ვადაში ვერ მოახერხეს პირველი სემესტრის სემესტრულ გამოცდაზე გასვლა, სკოლა ვალდებულია პირველი სემესტრის სემესტრული გამოცდა 2022 წლის 17 ივნისამდე დაუნიშნოს არაუგვიანეს 2 კვირით ადრე".

სემესტრული გამოცდა იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუკი მოსწავლეს პრეტენზია ექნება საბოლოო ნიშანზე. ამ შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია მოითხოვოს გამოცდის დანიშვნა და ხელმეორედ შეფასება.

აქამდე მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე მუხლის მიხედვით ფასდებოდნენ, მოსწავლეს ექსტერნის გამოცდის ჩაბარება უწევდა იმ შემთხვევაში, თუკი მას კონკრეტულ საგანში სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 პროცენტი ჰქონდა გაცდენილი.
Print