განათლება
ლოცვები, ხატები და ქადაგებები საჯარო სკოლებში - არასეკულარული გარემო საგანმანათლებლო სივრცეში
FaceBook
"სკოლაში რამდენიმე გაკვეთილი ლოცვით იწყება. "მამაო ჩვენოს" ვამბობთ მასწავლებლის მოთხოვნით და მერე შევუდგებით სწავლას", - ამბობს ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე.

გაკვეთილების ლოცვით დაწყების პრაქტიკაზე მიუთითებენ სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

"ლოცვებს რამდენიმე მასწავლებელი ითხოვს, ოღონდ ყოველდღე არა. მართლმადიდებლობაზეც გველაპარაკებიან. მაგალითად, მათემატიკის და გეოგრაფიის მასწავლებლები", - აღნიშნავენ მოსწავლეები.

რელიგია, როგორც ცალკე საგანი, სკოლებში არ ისწავლება, თუმცა საჯარო სკოლებში სასულიერო პირების (როგორც წესი მართლმადიდებელი მოძღვრის) მოწვევა და მასწავლებლების მხრიდან ქადაგებები სასწავლო პროცესის არაოფიციალურ ნაწილად იქცა.

"სკოლებში ფართოდ არის გავრცელებული რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკა, რაც გამოიხატება სკოლის ინფრასტრუქტურაში რელიგიური ატრიბუტების აქტიურ გამოყენებაში, კოლექტიურ ლოცვებსა და სხვა ღვთისმსახურების პროცესებში, მოსწავლეების მასობრივი (ზოგიერთ შემთხვევაში არანებაყოფლობითი) ჩართვაში, მასწავლებლების მხრიდან რელიგიურ ქადაგებასა და სიძულვილის ენის გამოყენებაში", - აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC)  წარმომადგენელი, იურისტი თამთა მიქელაძე.

თუმცა ზოგადი განათლების შესახებ კანონი სხვა რამეს ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, საჯარო სკოლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სეკულარული გარემო.

"სკოლებში აკრძალულია რელიგიური ატრიბუტების გამოყენება არააკადემიური მიზნებისთვის. კანონი კრძალავს სასწავლო პროცესში ინდოქტრინაციას, პროზელიტიზმსა და დისკრიმინაციას, "- აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

თუნცა აღნიშნული მოქმედი ნორმატიული ჩარჩო მაინც არ ამცირებს საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციას და სხვადასხვა ჯგუფების ჩაგვრისა და მარგინალიზების პროცესს.

მასწავლებელთა ნაწილის მხრიდან სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ გარკვეულ მიუღებლობაზე მიანიშნებენ სხვადასხვა გამოკითხვებიც.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, მასწავლებელთა განწყობებს რელიგიური უმცირესობების მიმართ და ეს განწყობები მკვეთრად ნეგატიურია. მათი თქმით, მასწავლებლები რელიგიური უმცირესობების აღმნიშვნელად ხშირად "მტრის ხატის" მექანიზმებს იყენებენ.

ქუთაისელი მოსწავლეეები ყვებიან შემთხვევაზე, როდესაც ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა, რომელმაც მოსწავლეებს ხელში იეჰოვას მოწმეების ბროშურა დაუნახა, აიძულა ბავშვები ბროშურა დაეხიათ და ხელები კარგად დაებანათ, "უწმინდურება არ უნდა დაგრჩეთ ხელებზეო" -- აღნიშნავენ ბავშვები.

ქუთაისის განათლების რესურსცენტრში განმარტავენ, რომ სკოლებში ინდოქრინაციასა და რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევაზე ბოლო პერიოდში მათთვის არავის მიუმართავს და ასეთი სახის ინფორმაცია არ აქვთ. რესურსცენრში ხაზს უსვამენ სკოლებში ინდოქტრინაციის მავნებლობას.

"პოლონეთის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ინდოქტრინაციას და პროზელიტიზმს ქონდა ადგილი, რელიგიური უმცირესობების  წარმომადგენელი ბავშვების მშობლებმა სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი და ეს პროცესი მოიგეს. საქართველოს კანონი განათლების შესახებ ასევე მოითხოვს, რომ საჯარო სკოლებში იყოს სეკულარული გარემო და დაცული უნდა იყოს სეკულარიზმის პრინციპები", - აღნიშნავენ რესურსცენტრში.

თუმცა, ამ პრინციპების უგულებელყოფას ნაკლებად აპროტესტებენ საქართველოში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელები. ამ პასიურობას თამთა მიქელაძე მარგინალიზების საშიშორებით ხსნის.

"რელიგიური უმცირესობების წარმომადგებლები როგორც წესი, არ იყენებენ სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, რადგან საკუთარი უფლებების დაცვა სასკოლო გარემოში მათ უფრო მეტ მარგინალიზაციას და ვიქტიმიზაციას იწვევს. შესაბამისად, ისინი კომფორმულ გადაწყვეტილებებს ირჩევენ და ეგუებიან არსებულ დისკრიმინაციულ და ძალადობრივ გარემოს, ან გადადიან სხვა სკოლაში.

განათლების სისტემა არ/ვერ უზრუნველყოფს დისკრიმინაციისა და ბულინგის მსხვერპლების ეფექტურ დაცვას და სკოლებში სეკულაური, უსაფრთხო და მულტიკულტურული გარემოს შექმნას", - აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

(EMC)-ის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს მიერ გამოყენებული მონიტორინგის ინსტრუმენტების არაეფექტურობაზე საუბრობენ.

"იმ საქმეებზე, რომელზეც (EMC)-იმ სამინისტროს მიმართა, მათი რეაგირება არ იყო ჯეროვანი და სამინისტრომ სკოლის ადმინისტრაციის მიმართ რეალურად ლოიალობა გამოავლინა...ამ პირობებში არსებითია სამინისტრომ გამოიყენოს პროაქტიული მონიტორინგის ინსტრუმენტები, რომ მოახდინოს არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისად, დაგეგმოს რეაგირების ფორმები", - ამბობს თამთა მიქელაძე.

"ქუთაისიპოსტის" კითხვას ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო „განათლების შესახებ“ კანონის მე -13 მუხლის მე-2 პუნქტის მითითებით პასუხობს და აღნიშნავს, რომ საჯარო სკოლებში დაუშვებელია სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და იძულებითი ასიმილაციის მიზნებისთვის გამოყენება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მიზნას წარმოადგენს სახელმწიფო სკოლების გათავისუფლება რელიგიისა და პოლიტიკური გაერთიანებებიდან. თუმცა, იქვე გვახსენებს აღნიშნული კანონის მე- 18 მუხლს, რომლის მიხედვით მოსწავლეს, მშობელს, მასწვლებელს აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. რომელი უფლებაც კონსტიტუციის მე -19 მუხლითაცაა გარანტირებული.

Print