ახალი ამბები
2020 წლის სკოლის ლიდერობის კონკურსის 10 ფინალისტიდან იმერეთის 5 სკოლის დირექტორია
FaceBook
მიმდინარე 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის 10 ფინალისტიდან იმერეთის ხუთი სკოლის დირექტორია.

კონკურსანტები იმერეთის რეგიონიდან არიან: ინა ბიწაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი; ლენა გომართელი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი; მარინა ისკაკოვა – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი; გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორ, ვარდენ ნიქაბაძეს ფინალურ ათეუშლი მოხვედრის ფარული იმედი ჰქონდა. ის აღნიშნული სკოლის დირექტორი 2007 წლიდან არის. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მათი სკოლისთვის ეს უკვე დიდი წარმატებაა.

"ელექტრონულ ფოსტაზე მივიღე შეტყობინება კონკურსის შესახებ, სპეციალური ფორმა იყო შესავსები. უნდა მიგვეთითებინა რას გავაკეთებდით სამომავლოდ სკოლაში, რა ხედვები გვქონდა სკოლის განვითარებისთვის, გამარჯვების შემთხვევაში რაში დავხარჯავდით თანხას, იყო გასაუბრებაც, გამოგვცადეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში როგორ ვიღებდით გადაწყვეტილებებს, ასევე, დისტანციურ რეჟიმში სწავლის დროს როგორ ვმუშაობდით და ა.შ.".

ათეულში მოხვედრის დიდი მოლოდინი არ ჰქონდა ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორ, მარინა ისკაკოვას. მისი თქმით, ათელში მოხვედრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შრომა დაფასდა. თუ გავალ ხუთეულში ძალიან კარგი იქნება და უფრო გამიხარდება, რა თქმა უნდა. ყურადღებას ექცეოდა სკოლის სასწავლო კულტურას, სკოლის თემთან ურთიერთობას, სკოლის მნიშვნელობას ქალაქისთვის".


სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები, ასევე, გახდნენ:

მორის დანდურიშვილი – ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი;

მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი;

ნინო წიფიანი – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი;

მამუკა ხამხაძე – ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი;

შორენა ხუხუა – ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

კონკურსის სამი გამარჯვებული დირექტორი სექტემბრის თვეში გამოვლინდება. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5 000 ლარი გადაეცემა, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით 2 000-2 000 ლარს გადასცემენ. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი 25 000 ლარს შეადგენს.

სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კონკურსის საბჭო იღებს.


Print