საზოგადოება
ქუთაისში მოსწავლეებს სკამები და ოთახები არ აქვთ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეებისთვის საკმარისი სკამები და ოთახები არ არის, რის გამოც, ერთი სკამის გაყოფა რამდენიმე ბავშვს, ხოლო დირექტორს თავის ოთახის დათმობა მოსწავლეებისთვის  უწევს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ამბობენ, რომ ასეთი არასათანადო პირობების გამო წლებია ქუთაისის მერიას ფართის გამოყოფას სთხოვენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ საკითხის გადასაჭრელად პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და შემდეგ გადაწყდება არსებულ შენობას გაურემონტებენ თუ ახალს ააშენებენ.

"ფიზიკურად ვეღარ ვეტევით. წარმოუდგენელია ორ სართულზე 2 000 მოსწავლე დაატიო. ერთმანეთს აზიან ბავშვები", - ამბობს  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი.

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თამარ მეფის ქუჩაზე აბრეშუმ კომბინატის ქარხნის ყოფილ შენობაშია განთავსებული. სამსართულიანი შენობის ორი სართული მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს უჭირავს, სადაც დაახლოებით 12-მდე ოთახია. თუმცა, მათი ნაწილი ამორტიზებულია. სასახლეში ამბობენ,  რომ შენობა ავარიულია, რის გამოც ობიექტი, მათი თქმით, რემონტსაც აღარ ექვემდებარება.  

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე წლების წინ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სამხატვრო სკოლაში იყო განთავსებული, სადაც ამ დროისთვის სოციალურად დაუცველები არიან თვითნებურად შესახლებულნი.

როგორ ტარდება გაკვეთილები არასაკმარისი სკამების და ოთახების ფონზე, ნახეთ ვიდეო:



მოსწავლე ახალგაზრდობის-სასახლის ადმინისტრაციის გარდა, ნორმალური ფართის გამოყოფას მშობლებიც ითხოვენ.  

"გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება. წესით ასეთ პირობებში არც მოსწავლე და არც მოსწავლეები აღარ უნდა მოდიოდნენ. ეს არის უდიდესი სირცხვილი", - ამბობენ მშობლები.

საცეკვაო დარბაზის იატაკი


საკლასო ოთახი



ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლები არაფორმალურ განათლებას იღებენ. ბავშვებისთვის სკოლაში 37 სხვადასხვა მიმართულებით სწავლა უფასოა. საგანმანათლებლო დაწესებულებას 58 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 43 პედაგოგია.

 

Print