განათლება
რა ღირს მოსწავლის სკოლაში გამგზავრება - სასკოლო სამზადისი ქუთაისში
FaceBook
სასკოლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, სასკოლო ნივთებზე ღირებულების კიდევ უფრო ზრდას ვარაუდობენ.
ამ ფონზე, მშობლებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს,¬ სად შეიძინოს შვილისთვის საჭირო ხარისხიანი პროდუქცია ხელსაყრელ ფასად.
რა ღირს მოსწავლის სკოლაში გამგზავრება, - აღნიშნულის გარკვევა "ქუთაისიპოსტმა" სცადა.

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, ქუთაისში მშობლები შვილების სკოლაში გასამგზავრებლად უკვე ემზადებიან, ამავდროულად, სასკოლო ნივთებზე მომატებული ფასები მათი კრიტიკის საგანია. "წელს უფრო ძვირი ღირს მოსწავლის სასკოლო ნივთებით უზრუნველყოფა," - განმარტავენ ქუთაისელები.
ქუთაისში საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ღირებულებამ მიმდინარე წლის აგვისტოდან 10 % - ით მოიმატა.
"გასულ წელს 12 ფურცლიანი რვეული 0, 30 თეთრი ღირდა, წელს კი ასეთივე რვეული 0,40 - 0,50 თეთრი ღირს, ასეა სხვა დანარჩენ საკანცელარიო ნივთებზეც," - ამბობს ქუთაისში, "ბავშვთა სამყაროს" შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკანცელარიო ნივთებზე მოვაჭრე ნანა ნაჭყეპია.
საკანცელარიო ნივთებსა და სასკოლო ინვენტარზე ფასების ზრდას, ადგილობრივები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.
ქუთაისში სასკოლო ნივთების შესაძენად, მომხმარებელთა ნაწილი ბაზრებს, ნაწილი კი მაღაზიებს სტუმრობს.
ისინი, ვინც უპირატესობას ბაზარს ანიჭებენ, ირწმუნებიან, რომ საჭირო ნივთების შეძენა ყველაზე ხელსაყრელ ფასად სწორედ ბაზარზე შეიძლება.
"¬მაღაზიებთან შედარებით, ნივთებს აქ უფრო იაფად ვვყიდულობ," -
ამბობს ქუთაისში მცხოვრები ლია კვირკველია.
სად უფრო შეღავათიანად შეუძლია მშობლებს სასკოლო ნივთების შეძენა და მინიმუმ რა თანხაა საჭირო მოსწავლის სკოლაში გასამგზავრებად, აღნიშნულის გამოსათვლელად "ქუთაისიპოსტი," ქალაქში არსებულ ბაზრებსა და მაღაზიებს ესტუმრა.
მოსწავლის სკოლაში გასამგზავრებლად აუცილებელი ნივთები ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: სასკოლო ფორმა, ჩანთა, რვეულები, ფანქრები, კალამი, პენალი და სახელმძღვანელოები.
ქუთაისის ბაზარზე სასკოლო ჩანთის მინიმალური ღირებულება 21 ლარიდან იწყება, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული ჩანთის ფასი 135 ლარია.
ბაზარში არსებულ ფასებთან შედარებით 10-15 ლარით მაღალია სასკოლო ჩანთების ღირებულება მაღაზიებში.
"ხარისხი განსაზღვრავს ფასს," - ასე განმარტავენ ქუთაისის ბაზარზეც და მაღაზიებშიც.
ქუთაისის ცენტრალუ ბაზარზე 12- ფურცლიანი რვეულის ფასი 0.30 - 0.35 ლარია, 48-ფურცლიანის - 0. 60 - 0.80, 96-ფურცლიანის ფასი 1.20-1.50 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რვეულების ღირებულება ანალოგირია ქუთაისში არსებულ საკანცელარიო მაღაზიებში.
რაც შეეხება სასკოლო ფორმის ღირებულებას, როგორც ქუთაისის სამკერვალო სალონებში ამბობენ, პირველკლასელი გოგონებისთვის სასკოლო სამოსის შესაკერად 65 ლარი, ხოლო ბიჭებისთვის 75 ლარია საჭირო.
"აუცილებელი საკანცელარიო ნივთებისთვის საშუალოდ 45 ლარი, ჩანთისთვის 35 ლარი, ფეხსაცმლისთვის 50 ლარი, ფორმისთვის კი 75 ლარი უნდა დავხარჯო, რომ ჩემი შვილი სასკოლოდ მოვამზადო," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ქეთი კოსტავა.
როგორც გაირკვა, მოსწავლის სასკოლოდ მოსამზადებლად, აუცილებელი და საშუალო ღირებულების ნივთების შესაძენად, მშობლებს მინიმუმ 200 ლარის დახარჯვა მოუწევთ. აღნიშნულ თანხაზე მეტი დანახარჯები კი ხარისხისა და შესაძლებლობების ზღვარზე გადის.
ქუთაისში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათთვის შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეების წიგნებით უზრუნველყოფა.
"წიგნები რომ არ მაქვს შესაძენი ამით სულ მცირე, ალბათ 200 ლარს ვზოგავ,"- განმარტავს ქუთაისში მცხოვრები თინა ადამია.
მიმდინარე წელს, საქართველოს განათლების სამინისტრო 42 992 ერთეულ სასკოლო სახელმძღვანელოსა და ერთ მილიონ რვეულს ბეჭდავს. რისთვისაც სახელმწიფო მთლიანობაში 1 245 994 ლარს ხარჯავს.
სახელმწიფოს მხრიდან მშობლებისთვის გაწეული შეღავათების პარალელურად, ქუთაისის ბაზარზე რეალიაზატორები სასკოლო ნივთებზე ფასების მატებას ვარაუდობენ.
როგორც რეალიზატორები აბობენ, ისინი მომწოდებლების ფასებზე არიან დამოკიდებული. რეალიზატორები არ გამორიც¬ხავენ, რომ შესაძლოა, ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად, საკანცელარიო პროდუქციის ფასები უფრო გაზარდონ.
ახალი სასწავლო წელი საქართველოში 14 სექტემბერს იწყება.
ანა ჯანაშია

Print