განათლება
ისტორია ქუთაისელ გოგონაზე, რომელიც ამერიკაში წლის საუკეთესო მაგისტრად აღიარეს (ფოტო)
FaceBook

საუკეთესო მაგისტრის სტატუსი ვესტ ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტში,  წლის განმავლობაში მხოლოდ ერთს ერგება.


სტუდენტებისთვის საოცნებო აღიარების მოპოვება 25 წლის ქუთაისელმა მარიამ მაღლაკელიძემ შეძლო.

ის ამერიკაში, 2019 წლის საუკეთესო მაგისტრად აღიარეს.

"ამერიკის ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაციის საპატიო სერთიფიკატის მიღება ამ დრომდე ყველაზე დიდი სიხარულია ჩემთვის," – ამბობს "ქუთაისიპოსტთან" მარიამი, რომელმაც ვესტ ვირჯინიის შტატის უნივერისტეტში ლანდშაფტის არქიტექტურა შეისწავლა. ის ამავდროულად უნივერსიტეტის მკვლევართა ახალგაზრდა წევრი და რამდენიმე ამერიკული პროექტის თანაავტორია.




მარიამ მაღლაკელიძე:  სწავლების პარალელურად, უნივერსიტეტმა დამიქირავა, როგორც სამეცნიერო მკვლევარი და სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობდი. მონაწილეობა მივიღე სასწავლებლის კამპუსის დაგეგმარებაში. ასევე, ვთანამშრომლობდი მერიასთან ერთ-ერთი უბნის ურბანულ დაგეგმარებაზე, რაც ჩემთვის უნიკალური შესაძლებლობა და გამოცდილება იყო."

მიღწეული წარმატებები ქუთაისელ გოგონასთან შემთხვევით არ მოსულა. ჯერ ყველაფერი დაგეგმა, შემდეგ  გამოწვევებს გაუმკლავდა და ბოლოს მიზნის მისაღწევად  მაქსიმალურად დაიხარჯა.

ამერიკაში, ვესტ ვირჯინიის უნივერსიტეტში დაფინანსება მარიამმა 2017 წელს მოიპოვა და სტუდენტური ქალაქის პატარა ოთახში მისი სამყარო მოიწყო: თავისივე ნახატებით, რუქებით, საყვარელი საქსაფონით.

სწორედ ამ ოთახში შრომობდა საკუთარ ოცნებებზე პასუხის მისაღებად. ყოფილა 200 საათიანი ჩაკეტვის დღეები და უწყვეტად მეცადინეობის 60 საათი.



"უნდა იცოდე, რომ შრომა მოგიწევს, თუმცა ეს აუცილებლად გიფასდება," – ამბობს მარიამი და საკუთარი თავის განვითარებისთვის გადადგმულ პირველ ნაბიჯებს იხსენებს.

15 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ზაფხული საქართველოს ნაცვლად ერთ–ერთ გერმანულ საზაფხულო სკოლაში გაეტარებინა. ზუსტად  აქედან იწყება მისი მოგზაურობა აღმოჩენებისა და შესაძლებლობების სამყაროში.

"ამ სკოლამ დამანახა რომ არსებობს ასპარეზი და  ჩავიფიქრე,  აუცილებლად გამეგრძელებინა ძიება," – ამბობს მარიამი, რომელიც კონკრეტული მიზნით სამშობლოში დაბრუნდა და  თბილისში  არქიტექტურის ფაკულტეტზე სამი წელი ისწავლა.  ბოლო, მეოთხე წელი კი ლისაბონის უნივერსიტეტში დაასრულა.

შემდეგ იყო ესტონეთი, ტარტუს უნივერისტეტი, სადაც ლანდშაფტის არქიტექტურით დაინტერესდა.

"იქაც სრული დაფინანსება მოვიპოვე, რაც დიდი შეღავათია. არ მინდოდა მშობლებზე დამოკიდებული ვყოფილიყავი. არც არის აუცილებელი მილიონერი ოჯახი. იღბალი მხოლოდ შრომით მოდის," – ამობს მარიამი, რომელმაც ერთ ადგილზე გაჩერება არც ტარტუს უნივერსიტეტში ისურვა და პარალელურ რეჟიმში, იგივე სპეციალობაზე, ასევე ჩააბარა ამერიკის უნივერსიტეტში.

"იმდენად განსხვავებული იყო ევროპული და ამერიკული სწავლების მეთოდები, მინდოდა ორივე შემესწავლა. ამიტომ ამერიკაში გადავბარგდი და ტარტუს უნიერსიტეტში ბოლო წელი ონლაინ სწავლებით დავასრულე," – ამერიკა მისთვის ის ადგილი გახდა, სადაც დროებით შეჩერება გადაწყვიტა, რადგან ყველა პირობა ჰქონდა განვითარებისა და მრავალფეროვნებისთვის.

მუდმივმა ძიებამ და მოძრაობამ მარიამს გამოცდილება დაუგროვა, რომლის სხვა ახალგაზრდებისთვის გაზიარება უნდა.

"მინდა განათლების მიღების მსურველ ახალგაზრდებს მივმართო, რომ არსებობს ამის შანსი. ნურც მარტო ცხოვრების შეეშინდებათ. მხოლოდ ორი თვეა ადაპტირების პერიოდი.  აკვირდები გარემოს და მერე ამ უცხოს ნაწილი ხდები. თუ ცდილობ, ვინც არ უნდა იყო, ამ მცდელობას არ გიკარგავენ. სხვა ვერაფრის გამო გახდები დაწინაურებული. სამწუხაროდ, სწორედ ეს განსხვავებაა ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის. სამართლიანობის შეგრძნება კი ჩემთვის ხელახალი  მოტივაციაა წინსვლისათვის," – ამბობს მარიამი.

ქუთაისელი გოგონა კვლავ ლანდშაფტის არქიტექტურის სიღრმისეული შესწავლითაა დაკავებული. ის  ფიქრობს რომ ეს მომავლის პროფესიაა, რომელიც მალე სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდება ბევრი ქვეყნისთვის.

"მომავლის არქიტექტურა ეს არის ინტეგრაცია არქიტექტურასა და ლანდშაფტის არქიტექტურას შორის. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ბუნებას.  ახლა აღარ ვხედავ ქალაქებს როგორც მხოლოდ ფასადს. პირველ რიგში ვაკვირდები სტუქტურას, რომელსაც შევადარებდი ადამიანის სისხლძარღვებს, სადაც გამტარობა უმთავრესია. ამ მხრივ მაგალითად, საქართველოს თუ დავაკვირდებით, გაგვიჩნდება აზრი - ვართ მზად იმისთვის რომ მომავალ თაობას 10 წლის შემდეგ ისევ შევთავაზოთ ქალაქი?" – კითხულობს მარიამი და პასუხსაც მხოლოდ განათლების მიღებაში ხედავს.


თავად, სწავლის დასრულების შემდგომ  მზადაა, დაგროვილი ცოდნა საკუთარ ქვეყანას  მოახმაროს.

Print