პოლიტიკა
"მაღაროს მემანქანემ ხელის მტევანი დაკარგა" - საწარმოო შემთხვევა ჭიათურაში
FaceBook
საქართველოს პროფკავშირების ინფორმაციით, ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში საწარმოო შემთხვევის შედეგად მემანქანემ ხელის მტევანი დაკარგა.

მაღაროს სკრეპერის მემანქანის, 55 წლის ამირან გოგატიშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის საჩხერის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას გადის.

საწარმო შემთხვევა 29 ოქტომბერს მოხდა, რომლის გამოწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. პროფკავშირების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ინცინდენტი ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

"როგორც ადგილობრივი დასაქმებულები ყვებიან ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა, ამირან გოგატიშვილმა კი მისი გასწორება სცადა. როგორც ჩანს ჯალამბარზე ბაგირი იმაზე სწრაფად დაიჭიმა ვიდრე იგი ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად მარცხენა ხელის მტევანი მაჯის ქვემოთ მოწყვიტა. 

წინასწარ, დაზუსტებით თქმა შეუძლებელია თუ რამ გამოიწვია ინცინდენტი, მაგრამ წესით ბაგირი არ უნდა იკეთებდეს მარყუჟს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბაგირი ძველი იყო, თუმცა ამას კვლევა დაადგენს, " – ამბობს მეტალურგიული და სამთო–ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროკვაშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე.

ადგილობრივი დასაქმებულების თქმით, ამირან გოგატიშვილი ძალიან გამოცდილი და საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი მუშაკია.

მომხდარი ფაქტის დეტალების და საწარმო შემთხვევის წარმოშობის მიზეზების კვლევის პროცესში უკვე ჩართულნი არიან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

"აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის დაცვის და იურიდიული დეპარტამენტებიც," - აცხადებენ პროფკავშირებში.
Print